ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში, საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს.

სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

netgazeti.ge