პირველი საპროტესტო აქცია ერევანში, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად პრემიერ-მინისტრობის მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატის სერჟ სარგსიანის ძალაუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ, 26 მარტს დაიწყო.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ სურთ 2018 წლის 9 აპრილის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად კვლავ სერჟ სარგსიანი იხილონ. მათი თქმით, სარგსიანის 10-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნაში ყველა სფეროს განვითარება შეფერხდა. განსაკუთრებით კი აღნიშნავენ იმას, რომ სომხეთი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ასევე, მისი პრეზიდენტობის დროს, 2016 წლის აპრილში ქვეყანამ ომი გამოიარა და დაკარგა ადამიანები ყარაბაღში.
დემონსტრანტებმა თავდაპირველად ქალაქის გარკვეული ადგილები გადაკეტეს, ბოლოს კი მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” მთავარ ოფისთან შეიკრიბნენ და შენობის შესასვლელ კარზე პოსტერები გააკრეს წარწერებით: “არა სერჟს, წავიდეს!”
სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 9 აპრილს ამოეწურა, ხოლო საზოგადოება, მათ შორის, პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ მმართველად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. სარგსიანის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე დარჩება.
სომხეთის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერევანში, თავისუფლების მოედანზე უკვე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა აღნიშნეს. აქციის მონაწილეებმა სარგსიანის გამოსახულებიანი წითელი ბუშტები გამოიტანეს, რომელიც აქციის დროს ჰაერში გაუშვეს, როგორც მისი ხელისუფლებიდან წასვლის სიმბოლო. სომხეთის პოლიციას მარშისთვის ხელი არ შეუშლია.
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური მოძრაობის “სომხეთისთვის” და ინიციატივა “გადადგეს სერჟი”- ს მიერ. აქციის მთავრი მიზანი იყო, არ დაეშვათ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა პრემიერ-მინსიტრის პოსტზე განსახილველად.
“ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ გამოსამშვიდობებელ და სადღესასწაულო საღამოს, სერჟ სარგსიანი სახლში, რომ გავაცილოთ და ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგროვილი აპათიური განწყობები გავაქარწყლოთ”, – ეწერა აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
11 აპრილს, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, ფრაქცია ”სამოქალაქო შეთანხმების” წევრი არარატ მირზოიანი სიტყვით გამოვიდა და ყველას მოუწოდა: “დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავაცილოთ სერჟ სარგსიანის მესამე ხელისუფლება. დავასრულოთ ”სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” ხელისუფლება და ავაშენოთ ჩვენი ოცნებების სომხეთი. ამისთვის საჭიროა, რომ 13 აპრილს 18:30 საათზე, თქვენ მოხვიდეთ თავისუფლების მოედანზე, სადაც ჩვენ ერთად ავანთებთ ჩვენს თავისუფლების ‘ცეცხლს’. 13 აპრილს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე!”
13 აპრილს, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ერევანში ჩავიდნენ. მოძრაობა 30 მარტს, ოპოზიციურ ბლოკში “ელქ” შემავალი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მხარდამჭერებმა სომხეთის სხვადასხვა ქალაქში დაიწყეს. ამავე დღის საღამოს, ერევნის საფრანგეთის (თავისუფლების) მოედანზე აქცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დაახლოებით, 3 000 მოქალაქე შეიკრიბა მოედანზე. აქციის მონაწილეები რჩებიან მოედანზე ღამის თევით.
როგორც ოპოზიციის ლიდერი ამბობს, სერჟ სარგსიანი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ლიდერი აღმოჩნდა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, რამდენადაც მისი პრეზიდენტობის დროს სომხეთმა 2016 წლის აპრილში ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა.
14 და 15 აპრილს აქციის მონაწილეები უმოქმედო იყვნენ, ხოლო 15 აპრილს, საღამოს, აქციის დროს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანში მომდევნო დღეებში აქციები უფრო მასშტაბური გახდება და მოქალაქეებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
16 აპრილს, დილიდან ერევანში ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო. პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” საბჭოს წევრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში ერთ-ერთი მთავარი, ბაგრამიანის პროსპექტი გადაკეტა. აქციის მიზანია, რომ ხვალ, 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეძლონ შესვლა, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი არ აირჩიონ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა.
ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ერევნის დროით, 08:15 საათზე ბაღრამიანის ქუჩაზე ავტობუსის წინ ჩამოჯდა და გზაჯვარედინი გადაკეტა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) შენობა აღნიშულ პროსპექტზე მდებარეობს.
ფაშინიანის მაგალითს სხვა აქტივისტებმაც მიმართეს და ერევნის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ამ დრომდე სომხეთის დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი პარალიზებულია.
დღის ბოლოს, მშვიდობიანი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს 3 პოლიციელი და ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც მალევე გამოწერეს. ფაშინიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ქუჩები გაათავისუფლონ და ისევ საფრანგეთის მოედანზე შეიკრიბონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021