Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს 13-ე პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს.
საზოგადოება ახალ პრემიერზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობს. NDI-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ვინ იყო ბახტაძე მოსახლეობის 43 პროცენტმა არ იცოდა. ხოლო IRI-ის კვლევის თანახმად, 55%-ს არ სმენია მისი სახელი.
36 წლის პრემიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ის ასევე ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს კი INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მამუკა ბახტაძის სახელი შემოწირულობების სიაში დაფიქსირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით მან 20 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა.
ბახტაძე მუშაობდა, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
2013 წელს სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი გახდა და ამ პოზიციაზე 4 წელი იმუშავა.
2017 წლის 13 ნოემბრიდან კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.
ბახტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 მარტს შეავსო, რომლის მიხედვითაც მას აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომელიც აჩუქეს.
რაც შეეხება ხელფასს, 2017 წელს ბახტაძემ სულ ანაზღაურების სახით 230 000 ლარზე მეტი აიღო. ყველაზე დიდი შემოსავალი „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჰქონდა. 2017 წლის 1 იანვრიდან 12 ნოემბრამდე მისმა ანაზღაურებამ ამ პოზიციაზე 184 ,151 ლარი შეადგინა. რკინიგზაში მუშაობის პარალელურად ის ასევე ხელფასს იღებდა შპს “ჯიარ ტრანზიტ ლაინსა” და შპა “ჯიარ ტრანზიტში”, სადაც მისი ანაზღაურება 53 514 ლარი იყო. ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნიდან, 2017 წლის 13 ნოემბრიდან, წლის ბოლომდე მან ხელფასის სახით 11 151 ლარი მიიღო.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ასევე 2 დღის ვადაში უნდა დანიშნოს მთავრობის სხვა წევრები. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.