Latest posts by Aliq Media (see all)
„ჩვენი დღის წესრიგი ნათელია. პირველი იყო სერჟ სარგსიანის გადადგომა, ეს შესრულდა. მეორე და მთავარი არის ის, რომ პრემიერის პოსტზე სახალხო კანდიდატი დასახელდეს“. ამის შესახებ ერევანში სახალხო პროტესტის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე განაცხადა.
43 წლის ფაშინიანი პოლიტიკურ კარიერამდე რამდენიმე ყოველდღიური გაზეთის ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი იყო.
1999 წელს ფაშინიანი ცილისწამების ბრალდებით დააკავეს და ერთი წელი იხდიდა სასჯელს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 13 წლის განმავლობაში ნიკოლს გაზეთ „Haykakan Zhamanak”-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობა ეკავა, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა როგორც, რობერტ კოჩარიანის ასევე სერჟ სარგსიანის მთავრობას.
2004 წელს ის სავარაუდო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, როდესაც მისი მანქანა აფეთქდა, თუმცა მანქანაში ფაშინიანი არ იჯდა.
2007 წელს ჟურნალისტი ფაშინიანი სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა “Aylntranq” აყალიბებს.
პოლიტიკურ ცხოვრებაში ნიკოლი 2008 წლიდან ჩაება, როდესაც სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის წინასაარჩევნო შტაბის წევრი გახდა.
2008 წლის თებერვლის საპროტესტო გამოსვლების დროს მასობრივი საპროტესტო არეულობის ბრალდებით სომხეთის პოლიციის მიერ მისი დაკავების ბრძანება გაიცა, თუმცა ნიკოლი ერთი წლის განმავლობაში იმალებოდა და პოლიციას მხოლოდ 2009 წლის ივლისში ჩაბარდა.
სასამართლომ ფაშინიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ნიკოლი პოლიტპატიმრის სტატუსით შეიწყალეს.
საპატიმროს დატოვების შემდეგ 2012 წელს სომხეთის პარლამენტის წევრი, ლევონ ტერ პეტროსიანის პარტიის სიით ხდება.
2013-2015 წლებში ფაშინიანი „სამოქალაქო კონტრაქტის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კავშირის წევრია. 2016-ში კი ამავე კავშირის მოხალისეთა განკარგულების მეთაური.
2017 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნიკოლ ფაშინიანი ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ქმნის ახალ ოპოზიციურ ბლოკ „ელქ“-ს, რომელიც არჩევნებში ხმების თითქმის რვა პროცენტს იღებს და პარლამენტში ცხრა დეპუტატით შედის.
2018 წლის 13 აპრილიდან კი ფაშინიანი, სერჟ სარგსიანის მიერ როლის შეცვლის და პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადასვლის გამო ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქციებს იწყებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას აანონსებს.
11 დღიანი მაშტაბური აქციების, დარბევებისა და დაკავებების შემდეგ, ფაშინიანის მიზანი მიღწეული. სერჟ სარგსიანი თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს.
ამ ეტაპზე კი სომხეთი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი დიალოგის მოლოდიშია, რომელზეც ქვეყნის სამომავლო პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა დაისახოს.