Latest posts by Aliq Media (see all)
თითქმის ყველა ქვეყანაში და ქალაქში, სადაც სომეხი ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ყოველ წელს აღინიშნება დღესასწაული ვარდავარი. ამიტომ, ის უკვე კარგად ცნობილი დღესასწაულია, რომელსაც ელოდებიან და რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. დღესასწაულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, განურჩევლად ეროვნების, სქესის და ასაკის.
23 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ, საქართველოშიც ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
თბილისის „სურბგევორგ“ საკათედრო ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია საქართველო სსომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში კი, ღირსეულმა მღვდელმა მამა მანუკ ზეინალიანმა.
ფერისცვალების დღესასწაულს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს, თუმცა ვარდავარი იმით გამოირჩევა რომ, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ხალხური ტრადიციის თანახმად, წუწაობა იმართება.
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ანუ ვარდავარი, ტრადიციული, ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან 98-ედღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად მთაბორის მთაზე ავიდა და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სწორედ, ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატება სუსურვებენ. მათი რწმენით, წყალი საღმრთო მადლს განასახიერებს, რომლის საშუალებითაც იწმინდებიან ცოდვებისგან და იწმინდება სულიც. ასევე, წყლით გაწუწო სხვა, ნიშნავს უსურვო მას სიკეთე და სიხარული.
სომხურ ტრადიციულ დღესასწაულთა კალენდარში ვარდავარი ზაფხულის ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს. წარმართულ სომხეთში ის უკავშირდებოდა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს ასტღიკს. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, დღესასწაულმა სახე იცვალა, თუმცა თავისი არსი შეინარჩუნა და ხალხის რწმენით ის სიხარულის, გართობის, სიყვარულის, სილამაზის გაზიარებისა და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა.
„ჩვენ ღვთის წყალობით ვარსებობთ. ჩემთვის ყოველი წმინდა დღე ღირებულია, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ძალიან ძველ ტრადიციას ვინარჩუნებთ. გარდა ამისა, ვიწმინდებით ცოდვებისგან, სილამაზის, მხიარულების დღესასწაულია და რა თქმა უნდა, ველით ცვლილებებს უკეთესობისკენ. დადებითი და ნათელი დღესასწაულია“, – ამბობს სვეტლანა ოსეფიანი.
მზევინარ ხუციშვილი