ფოტო ➤ სომხეთი მხიარულ და ‘სველ’ ვარდავარის დღესასწაულს აღნიშნავს

სომხეთსა და იმ ქვეყანებში, სადაც სომხური სათვისტომო ცხოვრობს, ყოველ წელს აღინიშნება ვარდავარის დღესასწაული.

ყოველ წელს, აღდგომიდან 98-ე დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებსა, ვარდავარს აღნიშნავს. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული. ზაფხულის ცხელ დღეებში, ამ დღესასწაულს სასიამოვნო ტრადიციაც ახლავს თან, ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს წყლით ასველებენ. ამბობენ, რომ წყლის დასველებით მათი სნეულება განიკურნება.

დღესასწაულის სახელი “ვარდავარ” სავარაუდოდ, ვარდაჯური-დან მომდინარეობს, რაც ვარდის წყალს ნიშნავს.

წმინდა გრიგორ ტათევაცი დღესასწაულის სახელწოდებასთან დაკავშირებით იესოს ვარდთან ადარებს და ამბობს, რომ როგორც ვარდის კოკორი თავიდან იმალება, ხოლო შემდეგ გაიშლება ყველასთვის, ასევე იესო თავის თავში ინახავდა ღვთაებას, რომელიც მოგვიანებით ყველამ იხილა.

ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად, სადაც მოსე და ელია წინასწარმეტყველები იყვნენ. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა – მისი სახე უნფრო გაბრწყინდა და მისი სამოსელი უფრო სპეტაკი გახდა.

დღესასწაულის ხალხურ ტრადიციას წარმოადგენს ერთმანეთის  წყლით დასველება და მტრედების ჰაერში გაშვება, რაც  წყალდიდობის, ნოეს ოჯახის გადარჩენის და ნოეს მტრედის სიმბოლოა. ასევე ტრადიციაა ყვავილებით მორთვა, რაც იესოს დიდების გამოხატვაა.

ვარდავარის წინა დღე, შაბათი ეკლესიური წესებით აღინიშნება, ხოლო ვარდავარის შემდეგი დღე, ანუ ორშაბათი გარდაცვლილების სულებისთვის საეკლესიო ლიტურგია იმართება.

წელს ვარდავარი 8 ივლისს აღინიშნება, თუმცა სადღესასწაულო ღონისძიებები 7 ივლისს დაიწყო. წმინდა სარგისის ეკლესიაში დღესასწაულის წინა დღეს საზეიმო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები ერევნის საბავშვო პარკამდე მივიდნენ, სადაც ეროვნული სიმღერის და ცეკვის ფესტივალი გაიმართა.

8 ივლისს საღმრთო ლიტურგია აღევლინება ყველა სომხურ ეკლესიაში და შემდეგ დაიწყება მხიარული ნაწილი – წყლით დასველების ტრადიციული დღესასწაული.

 

ფოტოები თბილისიდან და ჯავახეთიდან

Leave a Reply