წვიმის მოლოდინში – მარწყვის წარმოება მარნეულში

ვარსიკ ღაზარიანი სომხეთში დაიბადა. 18 წლის იყო, როცა დაქორწინდა და მეუღლესთან საცხოვრებლად მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში (ქვემო ქართლი) გადავიდა. ვარსიკის ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. ოჯახის კუთვნილებაში არსებულ 2000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთზე მარწყვი და სხვა კულტურები მოყავთ და შემდეგ ყიდიან. ვარსიკი ამბობს, რომ დღეისათვის მათი მთავარი პრობლემა სარწყავი წყლის ნაკლებობაა.

დამია პატარა სოფელია. იგი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 326 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. როგორც მოსახლეობა ამბობს, იმის გამო, რომ სოფელში სარწყავი წყლის სერიოზული პრობლემაა, იძულებულნი არიან ძირითადად გვალვაგამძლე კულტურები მოიყვანონ. ისეთები როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, ქერი, შვრია და ა.შ.

„ჩვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ხეხილი გვაქვს მოშენებული. ბოლო წლებია მარწვიც მოგვყავს. ყოველწლიურად ვზრდით ნაკვეთზე მარწყვის რაოდენობას. მაგრამ, მისი მოყვანა იოლი არ არის, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვერ უძლებს გვალვას და არსებობს სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკიც. სარწყავი წყლის ნაკლებობა კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – ამბობს ვარსიკ ღაზარიანი „ალიქ მედიასთან“ საუბარში.

ვარსიკი გვიყვება, რომ მარწყვის დამუშავება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ჯერ თესავენ, შემდეგ ჩითილები ღია გრუნტში გადააქვთ, მოგვიანებით სასუქიც შეაქვთ. “შრომატევადი საქმეა. თითქმის ყოველდღიურად ვაშორებთ მავნე მცენარეებს და ველოდებით წვიმას, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ.”. წვიმის ლოდინი იმიტომ უწევთ, რომ სოფელს სარწყავი წყალი არ არ აქვს. სასმელი წყლით მარწყვის მორწყვა კი, იმის გამო რომ იგი ქლორს შეიცავს, კულტურისთვის საზიანოა. “ნაკვეთს სასმელი წყლით მხოლოდ მცირე ხნით ვრწყავთ. რადგან ქლორი აზიანებს მცენარეს“, – ამბობს ღაზარიანი.

 

სოფელ დამიაში სასმელი წყლის პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 107 ათასი ლარი შეადგინა, მოეწყო სასმელი წყლის მილსადენები და დამონტაჟდა მრიცხველები. დღეისათვის სოფელ დამიას ყველა მაცხოვრებელი (102 კომლი) უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. თუმცა, სოფელში, რომლისთვისაც მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, სარწყავი წყალი კვლავ პრობლემაც რჩება. 

დამიას, რომელიც საქართულ-სომხურ სადახლო-ბაგრატაშენის საზღვრისკენ მიმავალი საავტომობილო გზიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სარწყავი წყალი არ აქვს. საბჭოთა კავშირის დროს სოფლის სახნავი მიწები მდინარე დებედიდან სატუმბი სადგურებით ირწყვებოდა. ახლა არც სატუმბი სადგურები არსებობს, არც წყალსადენი.

დამიაში ამბობენ, რომ სარწყავი წყლის საკითხი აქტუალური ყოველი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხდება. თუმცა შემდეგ დაპირება დაპირებად რჩება და სოფლის მცხოვრებლებიც, მათივე თქმით, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებენ: „ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება“. 

იმის გასარკვევად რა ვადებში იგეგმება სოფელში სარწყავი წყლის გაყვანა „ალიქ მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს ბექა აბდელიანს დაუკავშირდა. აბდელიანმა გვითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შპს-ს „საქართველოს მელიორაცია“ (საქართველოში სარწყავი და დრენაჟის სერვისის მომწოდებელი კომპანია) უნდა მივმართოთ, რადგან მათ ეხებათ სარწყავი წყლის საკითხები. დეტალების გასარკვევად „საქართველოს მელიორაციასთან” ვეცადეთ დაკავშირება, თუმცა მათგან პასუხი სტატიის გამოქვეყნების დღემდე არ მიგვიღია. (იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციისაგან პასუხს მივიღებთ, მასალას განვაახლებთ).  

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში „კლიმატის სოფლის მეურნეობის რეგიონული დოკუმენტი მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის“ აღნიშნულია, რომ 2020 წელს მარნეულში კენკროვან კულტურებს – მრავალწლოვანი კულტურების ყველაზე მცირე ფართობი, 137 ჰეკტარი ეჭირა. აქედან 96 ჰეკტარი მარწყვი იყო (70 პროცენტი), 24 ჰეკტარი – ჟოლო (18 პროცენტი), 17 ჰეკტარი კი მაყვალი (12 პროცენტი). 

 

ეკონომისტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი, რომელიც 2001-2003 წლებში მარნეულის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც იყო, 2003-2006 წლებში კი მარნეულის რაიონის გამგეობის თქვმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში სოფელი თამარისი ითვლება მარწყვის მოყვანის ძირითად ადგილად, სადახლოს მიმდებარე სოფლების მიწაც, იმის გამო, რომ მცირე რაოდენობით შეიცავს მარილსა და ე.წ. კარბონატულ ნაწილაკებს, კარგია მარწყვის მოსაყვანად. 

საინტერესოა, რომ ქვეყანაში 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მარწვის იმპორტი შემცირდა, თუმცა მისი ფასი გაიზარდა. თუ 2023 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებული 263 ტონა მარწყვის საფასური 67,860 აშშ დოლარი იყო (კილოგრამის ფასი 0.26 ცენტი), 2024 წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულმა 230 ტონა მარწყვის საფასურმა 336,080 დოლარი შეადგინა (კილოგრამი მარწყვის საფასური 1.46 აშშ დოლარი). საქართველოში მარწყვის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება.

 

იმპორტის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარნეულის რაიონის სოფლებში მარწყვის კულტურის მოყვანა, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, შემოსავლიანი უნდა გახდეს. 

„ჩვენი მიწის ნაკვეთი პატარაა, ამიტომ მოსავალიც მცირეა. მოწეულ მარწყვს ძირითადად სოფელში ვყიდით. ისევ მეზობლები და ახლობლები ყიდულობენ  საბაზროზე დაბალ ფასად. სარწყავი წყალი რომ იყოს, ალბათ, მთელ ნაკვეთზე მარწყვს დავთესავდით და მოსავალს ბაზარში გავიტანდით გასაყიდად,” ამბობს ვარსიკ ღაზარიანი, თუმცა მანამდე, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებამდე, ეს ვერ ხერხდება. “სულ წვიმას ველოდებით.. სულ წვიმის ლოდინში ვართ,” ამბობს ვარსიკი.

ავტორი: ნორაირ მისკარიანი