ქვემო ქართლი, მარნეული – ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ახკერპს, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან მოუგვარებელი პრობლემები აწუხებს. საბჭოთა დროინდელი გზა, უმუშევრობა და სიღარიბე აქ მთავარი პრობლემებია, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. მუნიციპალიტეტიდან 60, თბილისიდან კი 100 კილომეტრით მოშორებულ სოფელში დასაქმების ერთადერთი საშუალება გამგეობა და სკოლაა. სოფელს არა აქვს გზა, გაზი და ინტერნეტი.
სოფლის მოსახლეობა ყველა პრობლემას „ცუდ გზას“ უკავშირებს. ჯერ კიდევ თებერვალში, „ალიქ მედიასთან“ საუბარში, სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ვლადიმირ სარგსიანი დარწმუნებით საუბრობდა, რომ გზის რეაბილიტაცია მათ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოაგვარედა.
„თუ გზები აღდგება, ადვილად დავუკავშირდებით როგორც მუნიციპალიტეტს, ისე დედაქალაქს. ადამიანებს საშუალება მიეცემათ აღებული მოსავალი უპრობლემოდ გაყიდონ ან ჩააბარონ. ცხოვრებაც გაგვიადვილდება,”- ამბობს იგი.
27 ივნისს საქართველოს, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რუბენ სადოიანი სტუმრობდა. სადოიანმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომხებით დასახლებული სოფლები მოინახულა. მართალია მოსახლეობამ პრობლემებზე ღიად არ ისაუბრა, თუმცა მოუწესრიგებელი გზის საფარის შესახებ მაინც შესჩივლა ელჩს. თავის მხრივ რუბენ სადოიანმა პირობა დადო, რომ ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმსჯელებდა.
ელჩთან შეხვედრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ახკერპისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერის თვიდან დაიწყებოდა.
„ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ბალანსზე არსებული გზაა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გზის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს უნდა დაიწყოს. შეიძლება ტენდერმა გადაიწია, ან რაღაც მოხდა. ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია. მარტო ის ვიცი, რომ უნდა დაიწყოს გზის აღდგენა,“ – განაცხადა „ალიქ მედიასთან“ ზაურ ტაბატაძემ.
2 სექტემბერს, სოფელ ახკერპში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც დაიწყო, თუმცა დაპირებული ბეტონის გზის მაგივრად, ქვები დაყარეს.
ამ საკითხზე „ალიქ მედია“ ახკერპის სოფლის გამგებელ ზაალ ნადირაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ბეტონის გზა ბიუჯეტით გათვალისწინებულია, თუმცა გზის აღდგენა შემდეგ წელს იგეგმება.
სოფელ ახკერპიდან სადახლომდე დაახლოებით, 20 კილომეტრია და ზუსტად გზის ამ მონაკვეთზეა საუბარი. სოფლის მოსახლეობა მოწყვეტილია გარესამყაროს, მარნეულისკენ ავტობუსი მხოლოდ ორ დღეში ერთხელ დადის და ეს, ის ერთადერთი ტრანსპორტია, რომლითაც მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
ავტობუსიც 2015 წლის აგვისტოში შეიძინა მუნიციპალიტეტმა. მაშინ იგეგმებოდა, რომ აღნიშნულ ავტობუსს სოფლიდან ქალაქ მარნეულის მიმართულებით ყოველდღიურად ემოძრავა. თუმცა, დღეის მდგომარეობით ავტობუსი ორ დღეში ერთხელ დადის, როგორც აცხადებენ ეს მარნეულის ავტოპარკის გადასაწყვეტილებაა. ხოლო თუ გზის საფასური თავიდან 3 ლარი ღირდა, მალე 4 ლარი გახადეს.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმაშია აღნიშნული, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-37) სადახლო-წოფი-ახკერპი (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზა, ხოლო გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაობები ჩატარდება კმ 3-კმ 8 მონაკვეთზე, რაც შეადგენს 6,28 კმ-ს.
დაახლოებით, 20 კილომეტრიანი გზის 6,28 კმ-ის რეაბილიტაცია 2014 წლიდან იგეგმება, თუმცა ყოველ წელს მხოლოდ გეგმაში შედის ცვლილება, სოფელი კი ისევ უგზოდ არის დარჩენილი. ახკერპელებს „არ უყვართ“ სოფლის პრობლემებზე საუბარი, რადგან ფიქრობენ, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მმართვის გეგმის საჯარო განხილვა 16 ივლისს, სოფელ ხოჯორნში გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ მაია ვაშაკიძემ „ალიქ მედიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საჯარო განხილვა გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ხოლო რა ეტაპზეა გეგმა, სამწუხაროდ პასუხი ვერ გაგვცა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერჯერობით ტენდერის შესახებაც არ იძებნება ინფორმაცია.
სტატიის სომხური ვერსია შემდეგი ბმულით: https://www.aliq.ge/20-km/
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021