წილისყრის პროცედურის არჩევნებზე 7 დღით ადრე ჩატარება და შესაძლო საფრთხეები

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩენო წესებსა და პროცედურებში ბევრი ცვლილება შევიდა. ერთ-ერთმა უკანასკნელმა ცვლილებამ, როგორც ქართულ საზოგადოებაში,  ისე დამკვირვებელ ორგანიზაციებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

კერძოდ, ბოლოდროინდელი ცვილების მიხედვით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება.

 ეს პროცედურა ყოველთვის ტარდებოდა არჩევნების დღეს 7-8 საათამდე. შესაბამისად ამას აკვიდებოდნენ ჟურნალისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები. ახალი წესით კი, ეს პროცედურა ჩატარდება მათ გარეშე, შედეგად პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება.  

საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა წყვეტს თუ რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს კენჭისყრის დღეს. უბანზე წილისყრით ნაწილდებოდა ამომრჩევლის რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. ორივე ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათზეა დამოკიდებული ამომრჩევლის სრულყოფილი ვერიფიცირება, ორჯერ ხმის მიცემის პრევენცია, ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთება და შემოწმება.

“საერთაშორისოო გამჭვირვალობა- საქართველო” (TI) აღნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირებს პროცესის გამჭვირვალობას.

ამ თემაზე ვესაუბრეთ გიგი ჩიხლაძეს, იგი “საერთაშორისოო გამჭვირვალობა- საქართველოს” საარჩევნო საკითხების კოორდინატორია. მან ამ მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო․

„პირველი პრობლემა გვაქვს გამჭვირვლობასთან დაკავშირებით. საქართველოს 3000-ზე მეტ უბანზე თითქმის შეუძლებელი იქნება დამკვირვებლების მობილიზება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც შესაძლებელი იქნებოდა არჩევნების დღეს. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, მითუმეტეს, ვერ ჩამოვლენ საქართველოში 7 დღით ადრე, რათა ამ, ერთ პროცედურას დააკვირდნენ. შესაბამისად პროცესს, უფრო ნაკელბი ადამიანი დააკვირდება, რაც რისკის ქვეშ აღენებს არჩევნების გამჭვირვალობას“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე და აგრძელებს:

„მეორე მნიშნელოვან საკითხს რაც შეეხება, მათ [ხელისუფლებამ] ვერანაირად ვერ დაამტკიცეს რატომ გახდა საჭირო ასეთი ცვლილების შეტანა. შარშან გაიმართა 2 შუალედური არჩევნები, რომლის დროსაც გაიტესტა ელექტრონული ტექნოლოგიები, მაგრამ არცერთი შუალედური არჩევნების შემდეგ, წილისყრის პროცედურასთან დაკავშირებით პრობლემა არ დაფიქსირებულა. ივლისში არ იყო ამაზე საუბარი და ერთ თვეში როგორ გადაწყვიტეს ამ ცვლილების შეტანა უცნობია, რადგან არც შუალედური არჩევნები ჩატარებულა ამ პერიოდში, რაზეც დაყრდნობით განაცხადეს რომ ეს პროცედურა შესაცვლელია“

შესაჯამებლად გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და რისკის ქვეშ აყენებს არჩევნების გამჭვირვალობას.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშიც, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია რომ წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგის ფარგლებში, მნიშვნელოვანია 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

აღნიშნული დადგენილება ცესკომ საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ელი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, ცესკო უფლებამოსილია, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება ხდება კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, იგი არ ეკუთვნის იმგვარ პროცედურას, რომლის ჩატარებაც არჩევნების დღეს შეუძლებელი იქნება. წლების განმავლობაში აღნიშნული პროცედურა, მათ შორის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ელექტორნული ტექნოლოგიები გამოიყენებოდა, არჩევნების დღეს ტარდებოდა და იგი არ უკავშირდება საგამონაკლისო ან შეუძლებელ ღონისძიებას.

ამ ცვლილებაზე ვისაუბრეთ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანთან, ვინც აღნიშნა, რომ ეს ცვლილება არჩევნების გამჭვირვალობას საფრთხის ქვეშ არ აყენებს.

„2023 წლიდან განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, იმ უბნებზე რომლებიც ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით წარიმართება გადასატან საარჩევნო ყუთის კომისიის წევრების ფუნქიები გადანაწილება ისედაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს იმართებოდა.  2023 წელსაც გვქონდა ეს გამოცდილება, რომ გარკვეული ფუნქციები, ეს არის გადასატან საარჩევნო ყუთის წაყების კომისიის წევრების ფუნქცია, არჩევნებამდე 7 დღით ადრე უნდა გადანაწილებულ იყო.

2024 წელს უკვე ელექტრონულ უბნებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლინდება, არამედ სხვა ფუნქციების გადანაწილებაც გადავიდა 7 დღით ადრე“, – ამბობს გიორგი სანტურიანი და არძელებს:

„რათა არ დარღვეულიყო ერთგვაროვნების პრინციპი, რადგან გვაქვს 3070 უბანი და აქედან 2262 არის ისეთი უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, ამიტომ ეს ცვლილება შეეხო ასევე ტრადიციულ უბნებს.

მიზანი იყო ის რომ, უბანი იყოს მზად, რადგან გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებამ გარკვეული საჭიროებებიც გამოავლინა, მთავარია ის, რომ უბანი ამომრჩეველს დახვდეს მომზადებული“.

კითხვას, თუ როგორ უნდა მობილიზდეს დამკვირვებლები არჩევნებიდან 7 დღით ადრე, ის აცხადებს: „დამკვირვებლებს, ვისაც სურვილი ექნებათ მათ მიეცემა რა თქმა უნდა დაკვირვების შესაძლებლობა, და 7 დღით ადრე შეძლებენ არა მხოლოდ გადასატანი ყუთის კომისიის წევრების გამოვლენას დაესწრონ არამედ წილისყრის მთელ პროცესს“.

გიორგი სანტურიანი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ მიიღო ამ ცვლილებამ უარყოფითი რეაგირება, რადგან გადასატან ყუთთან დაკავშირებით ცვლილებას ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

დასასრულს, აღსანიშნავია, რომ არჩევნების მონიტორინგით დაკავებული დიდი ორგანიზაციების წუხილის მიუხედავად, ცესკო იძლევა არჩევნების ღიაობისა და გამჭვირვალობის გარანტიას, თუ რა შედეგი მოჰყვება რეალურად ამ ცვლილებას, პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი.