Latest posts by Aliq Media (see all)
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა მარნეულის მუნიციპალიტეტის საარჩევნო პროგრამა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერი, კენან ომაროვი ჰპირდება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში რიგი ღონისძიებები გატარდება, მათ შორის, კულტურის მიმართულებით, დაგეგმილია წერაქვის კომპლექსის რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 400 ათასი ლარი.
დღეის მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის დაპირება შესრულებული არაა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ამ მიმართულებით არცერთი გამოცხადებული / მიმდინარე / შეწყვეტილი ტენდერი არ იძებნება. როგორც აცხადებენ სოფ. წერაქვის მაცხოვრებლები, იმათაც არ აქვთ ინფორმაცია სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის თაობაზე, თუმცა ზოგადად თვლიან, რომ მნიშვნელოვანი და საჭიროა, ყურადღება მიექცეს ასეთ ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლს.
აღსანიშანვია, რომ როგორც 2022, ასევე 2023 წლების მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთია სწორედ კულტურის სფეროს განვითარება, რისთვისაც შესაბამისად გამოყოფილია 1705,0 ათასი და 2545,0 ათასი ლარი, თუმცა უშუალოდ კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია და მშენებლობისთვის თანხა არც 2022 და არც 2023 წელს არაა გამოყოფილი (იხ. სურათი 1 და სურათი 2).
სურათი 1. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
სურათი 2. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი
საინტერესოა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 2024 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული თანხა კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობისთვის (ჯამში, კულტურის სფეროს განვითრებისთვის გამოყოფილია 3408,0 ლარი) და ეს თანხა შეადგენს 250,0 ათას ლარს (იხ. სურათი 3), თუმცა აღნიშნული თანხით კონკრეტულად რომელი კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა მოხდება, სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. (იხ. სურათი 4).
სურათი 3. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
სურათი 4. წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
როგორც ვკითხულობთ სურათზე, ქვეპროგრამის აღწერასა და მიზნების გრაფაში მარტო წერია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურის ობიექტების მოვლა, შენახვა, რეაბილიტაცია და არ ახლავს თან შესაბამისი ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც, როგორც წესია, უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებული ჯერ არაა, შესაბამისად, მოხდება თუ არა მომდევნო წელს წერაქვის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე უცნობია. „ალიქ მედია“ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და სიახლეების შემთხვევაში, მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.