წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

  • სტუდენტობის უფლება მოიპოვა – 27 906 – მა აპლიკანტმა;
  • სახელმწიფომ სულ დააფინანსა – 10 614 სტუდენტი;
  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა – 6 543-მა სტუდენტმა;
  • სახელმწიფომ სრულად დააფინანსა – 4 071 სტუდენტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიგზავნება. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, აბიტურიენტი კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელთან აფორმებს ხელშეკრულებას. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდების) განრიგი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა მხოლოდ 2%-მდე ისარგებლა.