Latest posts by Aliq Media (see all)
პროექტის, “თვალსაზრისების სერია – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა შრომით პრაქტიკებზე„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “კავშირი ფრეია”, “ალიქ მედია ჯორჯიასთან” პარტნიორობითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ სტატების სერიას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შრომითი გამოცდილებების შესახებ. ჩვენი მოსაუბრე გახლავთ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კიზილქილისას საჯარო სკოლის თანამშრომელი თამარა ვოსკანიანი.
როგორ გამოიყურება თქვენს მიერ განვლილი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე? რა ეტაპები გაიარეთ პროფესიის არჩევამდე?
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე სულ ვოცნებობდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შევძლებდი, თუმცა ვფიქრობდი, რომ თუ მინდა რაღაცის მიღწევა, მაშინ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგა. ალბათ ყველაზე რთული მომენტი პირველი ნაბიჯის გადადგმა – გარისკვა აღმოჩნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად ქართული ენის არ ცოდნისა, გადავწყვიტე ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. და ჩავაბარე. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, იმ წუთას მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი ამ ქვეყნად.
გქონიათ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ? (ოჯახის წევრების მიერ ან სხვა გარემოება – ტრადიციები).
ოჯახის წევრების, მშობლების მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა მქონდა. მათთვისაც დიდი ოცნება იყო, რომ მათ შვილს უმაღლესი სასწავლებელში სწავლა გაეგრძელებინა. ჩემით ძალიან ამაყობდნენ. ამას ასევე დაემატა ის ფაქტი, რომ ხუთჯერ მოვიპოვე სახელმწიფო სტიპენდია.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ?
როდესაც, ერთწლიანი, ქართული ენის კურსის დასრულების შემდეგ დადგა მომენტი, პროფესიის არჩევისა, მე უპირატესობა მივანიჭე საერთაშორისო ურთიერთობებს. ძალიან მაინტერესებდა ეგ პროფესია, ჩემი მშობლებიც თვლიდნენ, რომ მე ამ სფეროში წარმატების მიღწევა შემეძლო. ახლაც, როდესაც უკან ვიხედები, ვრწმუნდები, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ჩემს ცხოვრებაში.
21 წლის ვიყავი, როდესაც კოვიდ პანდემიის გამო, სწავლა ონლაინ გახდა და ვეღარ დავდიოდი ბიბლიოთეკაში, “კლასიკურ” სწავლას ვეღარ ვუთმობდი დროს და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ დამატებით კიდევ რაიმე საქმიანობით დავკავებულიყავი. მე დავიწყე ჩემი ბიზნესი.
ყვავილები ძალიან მიყვარს – როგორც ჩუქება, ასევე საჩუქრად მიღება. ჩვენთან სოფელში აქამდე არ იყო ყვავილების მაღაზია, და ყოველთვის გვიწევდა თბილისში ჩამოსვლა და ყვავილების ჩამოტანა. ყვავილებისადმი ჩემი სიყვარული ჩემს საქმედ გადავაქციე.
ყველაზე სასიამოვნო მომენტი ჩემს საქმეში, საჩუქრად მიღებული ყვავილებით გახარებული ადამიანების რეაქციებია.
რომელ სექტორში გიმუშავიათ – კერძო, საჯარო ან სახელმწიფო ?
სტუდენტობის პერიოდში, სწავლის პარალელურად პარლამენტში ექვსთვიანი სტაჟირება გავიარე. შემდგომ, როდესაც მეოთხე კურსზე ვიყავი, ჩვენი სოფლის სკოლის დირექტორისგან სკოლაში მუშაობის შეთავაზება მივიღე და დავიწყე სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. ამასობაში, მე ახლაც ვმუშაობ სკოლაში და პარალელურად მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი.
რა ბარიერების გადალახვა მოგიწვიათ სწავლაში ან სამსახურში ?
სწავლის დროს, თავიდან ყველაზე დიდი ბარიერი ქართული ენის არცოდნა იყო. თუმცა ლექტორებიც და თანაკურსელებიც ძალიან მეხმარებოდნენ, ყველაფერში მხარს მიჭერდნენ და გაგებით ეკიდებოდნენ ჩემს სიტუაციას.
ჩემს მიმართ კრიტიკა და ჭორაობები ყოველთვის იყო, თუმცა მე ამას მეორე მხრიდან ვუყურებ და ჩემთვის როგორც მოტივაციას ისე ვიყენებ.
რას გაძლევთ ის, რომ წარმოადგენთ ეთნიკური უმცირესობას ? (უარყოფითი რა, დადებითი რა) და გიგრძვნიათ თუ არა რაიმე საიხით დისკრიმინაცია, თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში ?
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება უფრო ადვილია – სულ ერთი გამოცდით და ეს ჩემთვის არის პოზიტიური დისკრიმინაცია. თუმცა ყველაზე დიდი ბარიერი, ეს ენის არცოდნაა.
თქვენი აზრით (გამოცდილებით) რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები შრომით ურთიერთობებში ?
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ სტერეოტიპები და საზოგადოების დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ ძალას მაძლევდა. როდესაც დავიწყე ჩემი ბიზნესი და გავხსენი ყვავილების მაღაზია, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ფიქრობდა, რომ “ვინ არის ეს პატარა გოგონა, რომ რაღაცის გაკეთება შეძლოს” და ზუსტად იმისთვის, რომ ჯერ ერთი დამერწმუნებინა ჩემი თავი და მეორეც ყველა, რომ გოგოს, თან ამ ასაკში, ბევრის გაკეთება შეუძლია.
ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ძირითად ბარიერს წარმოადგენს ქართული ენის არ ცოდნა – ეს მათ ხელს უშლის როგორც ახალი ინფორმაციის გაგებაში, ასევე თავიანთი გეგმების განხორციელებაში.