Latest posts by Aliq Media (see all)
პროექტის, “თვალსაზრისების სერია – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა შრომით პრაქტიკებზე„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “კავშირი ფრეია”, “ალიქ მედია ჯორჯიასთან” პარტნიორობითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ სტატების სერიას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შრომითი გამოცდილებების შესახებ. ჩვენი მოსაუბრე გახლავთ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი დარაქოვის საჯარო სკოლის მასწავლებელი სონა ბაბაიანი.
როგორ გამოიყურება თქვენს მიერ განვლილი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე? რა ეტაპები გაიარეთ პროფესიის არჩევამდე?
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარდევანის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – “1+4” პროგრამით, ხოლო ერთწლიანი პროგრამის შემდეგ, ჩავაბარე ქართულ ფილოლოგიაზე, რათა სიღრმისეულად ვისწავლო ჩვენი სახელმწიფო ენა და შემდეგ დავეხმარო ჩვენს ბავშვებს ენის სწავლაში.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ?
სკოლის პერიოდიდან მომწონდა მასწავლებლის პროფესია, და ამანაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევანი. ხოლო რაც საინტერესოა, მეორე კურსზე უკვე როდესაც მქონდა მეორე პროფესიის არჩევის შესაძლებლობა, მე ავირჩიე არმენოლოგია. ანუ, ფაქტიურად პირველი პროფესიით ვარ ქართულის ფილოლოგი, და მეორე პროფესიით – არმენოლოგი.
სამწუხაროდ, 10 წლის წინ, როდესაც მე სკოლა დავამთავრე, ქართული ენის სწავლება იყოს ძალიან დაბალ დონეზე და ჩვენ ვერ ვსაუბრობდით ქართულად, რაც ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრ ბარიერს ქმნიდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მუშაობა დავიწყე დამხმარე მასწავლებლის პროგრამით და გასაუბრების გავლის შემდეგ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში დავიწყე მუშაობა.
რომელ სექტორში გიმუშავიათ – კერძო, საჯარო ან სახელმწიფო ?
ჩემი ძირითადი საქმიანობა არის დამხმარე მასწავლებელად მუშაობა სკოლაში და ამჟამად, როდესაც უკვე სომხურენოვანი სკოლები ბილინგურ სწავლაზე გადადიან, მე სხვა საგნების მასწავლებლებს უნდა დავეხმარო გაკვეთილების დაორგანიზებაში და ორენოვანი გაკვეთილების ჩატარებაში.
რა ბარიერების გადალახვა მოგიწვიათ სწავლაში ან სამსახურში ?
უნივერსიტეტში ჩაბარების პირველი წელი იყო ძნელი, რადგან არ ვიცოდი ენა და ბევრი სირთულეების გადალახვა მომიწევდა და თითქმის ყველა სირთულე დაკავშირებული იყო ენის არცოდნასთან. არც კი ვიცოდი ქართული ლიტერატურა და რადგან ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მიწევდა ბევრი ლიტერატურული წიგნის კითხვა – ფაქტიურად ის, რაც უნდა გამეკეთებინა სკოლაში 12 წლის განმავლობაში.
რას გაძლევთ ის, რომ წარმოადგენთ ეთნიკური უმცირესობას ? (უარყოფითი რა, დადებითი რა) და გიგრძვნიათ თუ არა რაიმე საიხით დისკრიმინაცია, თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში ?
ეთნიკური უმცირესობებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარება ადვილია – “1+4” პროგრამით და მშობლიურ ენაზე, თუმცა ჩაბარების შემდეგ იწყება სირთულეები, იმ კუთხით, რომ ქართული ენის გრამატიკა არ ვიცით სრულყოფილად. ყველაზე უარყოფითი მხარე ისაა, რომ სანამ დედაქალაქში არ გადავედით, მანამდე ქართველებთან თითქმის არ გვქონდა ურთიერთობა, და სასაუბრო დონეზეც არ ვფლობდით ქართულ ენას.
თქვენი აზრით (გამოცდილებით) რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები შრომით ურთიერთობებში ?
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის კარიერაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ენის ბარიერი. საჭიროა ბევრი ურთიერთობა ქართველებთან, ბევრი მოგზაურობა საქართველოში და იმ ცოდნის გამოყენება, რაც მიუღიათ ენის სწავლის კუთხით.