თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც ანტალიის პროვინციაში მდებარეობს, საქართველოს 51 წლის მოქალაქე, ანა საფარიანი, ქალაქის ცენტრში მოკლეს.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

interpressnews.ge

Leave a Reply