თბილისში ველოსიპედისტების მსვლელობა გაიმართა

31აგვისტოს, ველოსიპედისტები თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე შეიკრიბნენ და ვარდების მოედნიდან მსვლელობა დაიწყეს. ველოსიპედისტთა მარში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზებას ემსახურება და ქალაქის მერიას მოუწოდებს განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ველოსიპედით მოძრაობისთვის. მათი სლოგანია “ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას. ჩვენ ვართ მოძრავი”.

” ჩვენ ხელს ვაწყობთ საქართველოში ველოსიპედის პოპულარიზაციას. მოვუწოდებთ მძღოლებს გაფრთხილებისაკენ, რომ ქუჩა ველოსიპედისთვისაც არის და საბოლოო ჯამში, ეს არის კომუნიკაციის კარგი გზა”, – ამბობს მარშის მონაწილე, პროფესიონალი ველოსიპედისტი ერნესტ პეტროსიანი.

ველოსიპედისტების მსვლელობა ვარდების მოედნიდან “ველოსიპედის ქანდაკებიდან” დაიწყო, შემდეგ  გაიარეს კოსტავას ქუჩით, პეკინის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თამარიშვილის ქუჩა, ვაკის პარკი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, და ისევ ვარდების მოედანზე დაბრუნდნენ.

ორგანიზაცია “კრიტიკული მასის” ინიციატივით, მსგავსი მსვლელობა ყოველთვიურად იმართება. მათი მთავარი მიზანია ქალაქის მერიის გამოწვევა, რათა უზრუნველყოს ველოსიპედისტების უსაფრთხოება და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ველოსიპედისთვის.