თბილისის ცენტრში სურბ ნშანის ეკლესიის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს უქმნის კულტურის ძეგლს (ვიდეო/ფოტო)

თბილისის ვერცხლის ქუჩაზე, სურბ ნშანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ტარდება. ეკლესიის საფლავის ქვები ამოღებული და გადაადგილებულია. აღნიშნული ფაქტი, ალიქ მედიის თანამშრომლებმა ვიდეოგადაღების დროს დააფიქსირეს.

ეკლესიის მიმდებრედ ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ის რაც ხდება ვანდალიზმია და არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონფესიას ეკუთვნის ეკლესია და ვისი საფლავის ქვებია ეკლესიის ეზოში.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში აღნიშნული ეკლესია სხვა ეკლესიებთან ერთად დაიკეტა და რამდენჯერმე ხანძრის მსხვერპლი გახდა, რის გამოც ამჟამად ავარიულ შენობად ითვლება. 2007 წელს წმინდა ნშანის ეკლესიას (წმინდა ნიკოღაიოს) ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭეს.  ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ტერიტორიის მფლობელს ეკლესიის მიმდებარედ სასტუმროს აშენების სურვილი ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მან უარი განაცხადა.

ჩვენი ინფორმაციით, ეკლესიის მეზობლად მცხოვრებმა მოსახლეობამ სარჩელი შეიტანა ეკლესიის ტერიტორიის მიმდინარედ მშენებლობის შეჩერების მიზნით და უახლოეს დღეებში სასამართლოს სხდომა არის დანიშნული. საქართველოში სომეხთა ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სუსანა ხაჩატრიანი ალიქ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს პროცესზე ეპარქია, როგორც მესამე, მხარდამჭერი მხარე იქნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეპარქიამ მერიას უკვე მიმართა და გამოთქვა შეშფოთება კულტურული ძეგლის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა უწყებამ შეატყობინა, რომ პრობლემა გამოძიებულია და არ არის საშიშროება და აღნიშნეს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლება ხდება.