Latest posts by Aliq Media (see all)
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში DIB სკოლის როლზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, DIB სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.
სკოლის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, არასამთავრობო სექტორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
DIB-სკოლის გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტუმრებს ანგარიში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ წარუდგინა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიქოფერმა, საქართველოში გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩებმა მიულოცეს. მათ სკოლის მიღწევები შეაფასეს და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გადამზადებული პერსონალის რაოდენობის შესახებ თავის ანგარიშში აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელსაც სკოლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებისათვის ასრულებს.