თანდოიანცის სომხური ეკლესიის საკუთრებაზე დავა ქართულ მხარესთან ისევ მიმდინარეობს

EMC
თანდოიანცის სომხური ეკლესიის ნანგრევები

სასამართლო დავა, რომელიც სომხურ ეპარქიასა და საჯარო რეესტრს შორის თანდოიანცის ეკლესიის გასხვისების საქმეზე მიმდინარეობს, 1-ელ მაისამდე გადაიდო. მიზეზი მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც სასამართლო პროცესში მესამე პირად ქონების მართვის სააგენტოს ჩართვა მოითხოვა.

ქონების მართვის სააგენტოს მიმართ კითხვები მოსარჩელე მხარის იურისტებსაც აქვთ. გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა, სომხური ეპარქია რამდენიმე პარალელურ დავას აწარმოებს. ეპარქიას გასაჩივრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, სააგენტომ ქონებაზე რეგისტრაცია გააუქმა, რითაც საპატრიარქოს საშუალება მიეცა თანდოიანცის ეკლესია გადაეფორმებინა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის გვანცა ლომაიას განცხადებით ამ დავების გაერთიანებას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

„როდესაც სასამართლო, ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ სომხეთის ეპარქიის სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ამ ორ სასარჩელო მოთხოვნას გავაერთიანებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს დავაც მჭიდრო კავშირშია საჯარო რეესტის წინააღმდეგ არსებულ დავასთან, რამდენადაც ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი საჯარო რეესტრის მხრიდან ეკლესიის გასხვისებისა,“ – ამბობს ლომაია.

მარიამ ღავთაძე, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურიდიული პროგრამების ხელმძღვანელია, სასამართლო დავას სამართლებრივ პრეცედენტად აფასებს.

„რეალურად ეს არის სამართლებრივი პროცესი სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ამავდროულად, სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების წინააღმდეგ,“- აღნიშნავს ღავთაძე.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ივლისში აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე საჰაკ თანდოიანცის ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. ამის გამო, სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ეპარქიას სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი უწევენ.
მოსარჩელე მხარის განცხადებით ეკლესიის გადაცემამდე, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. საპატრიარქო კი ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.

 

 

Leave a Reply