Latest posts by Aliq Media (see all)
27 მარტს, სასტუმრო „ბეთსის“ საკონფერენციო დარბაზში “თანდოიანცის” ეკლესიის საქმესა და რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის გვანცა ლომაიას განცხადებით, შეხვედრა სომხური ეკლესიების მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის გახმოვანებას ემსახურება.
„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორგანიზაციები აღნიშნულ პროცესზე გარკვეულ წნეხს მოახდენენ. კონკრეტულად იმაზე, რომ სომხურ ეკლესიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის დაშენება მიმდინარეობს. ეს ვითარება ძალიან დიდი ზიანის მომტანია არა მხოლოდ სომეხი თემისათვის, არამედ საქართველოსათვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის,” -აღნიშნა მან.
სომხური თემის იურიდიულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის მიხეილ ავაქიანის განაცხადებით, რესტიტუციის კანონის არარსებობის გამო ბევრი პრეცენდენტი შეიქმნა, როცა სომხური, კათოლიტური თუ მუსლიმი თემის ისტორიული შენობა-ნაგებობა და ტაძრები საქართველოს საპატრიარქოს ან სხვა მფლობელს გადაეცა.
„ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევასმინოთ და ასე ვთქვათ, ფართო მსჯელობის ასპარეზზე გამოვიტანოთ ის პრობლემატიკა რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ავაქიანმა.
შეხვდრა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ადამიანის უფებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.