სუმგაითში, ბაქოსა და კიროვაბადში სომეხთა ჟლეტის 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

28 თებერვალს თბილისში სასტუმრო „Raddison Blu“-ს საკონფერენციო დარბაზში,  სუმგაითში, ბაქოსა და კიროვაბადში სომეხთა ჟლეტის 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

ღონისძიება ჩატარდა საქართველოში მოქმედი სომხური საერო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით.

მემორიალური  საღამო დაიწყო  ლოცვით, რის შემდეგაც  დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი  დუმილით პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას.

წამყვანებმა წაიკითხეს საქართველოში მოქმედი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილი, რომელიც ეხება ბოლო დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს.

წერილში ნათქვამია , რომ აზერბაიჯანი თავისი მოქმედებებით ერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

ართურ სარგსიანი

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი, ართურ სარგსიანი. მისი თქმით, წინა საუკუნის 80-90-იან წლებში მომხდარი ჟლეტვის მიზანი, მთიანი ყარაბაღის მოძრაობის ჩახშობა იყო.

 

საქართველოს მშვიოდის ფონდის დამფუძნებელმა გიორგი ტუმასიანმა  განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 25 წლის წინ.

გიორგი ტუმასიანი

„შემიძლია გავიხსენო ევროპარლამენტის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ სომეხი, რომელიც იმყოფება აზერბაიჯანში, საფრთხეშია.  მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვები მივიტანოთ არა მხოლოდ სომხურ სათვისტომომდე, არამედ ქართულ საზოგადოებამდე, რათა ის მიხვდეს, თუ რა მოხდა 25 წლის წინ“.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ჩვეულებრივი გენოციდი“. ფილმის ჩვენების შემდეგ მამა ვირაპ ღაზარიანმა ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა:

მამა ვირაპ ღაზარიანი

„ახლახანს გამოვედი ფილმის ჩვენებიდან. ძალიან ცუდი განწყობა დამეუფლა.  ის, რაც 1988 წელს მოხდა, საშინელი მოვლენაა. თითქოს ეს იყო სომეხთა გენოციდის გაგრძელება. ამ მოვლენებს მოჰყვა საზარელი მიწისძვრა ლენინაკანში.შეიძლება ითქვას, რომ 1988 წელი ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ერისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ -ს თავმჯდომარე, სამველ მკრტჩიანი თვლის რომ, ყველაფერი რაც მოხდა- დღესაც გრძელდება.

სამველ მკრტჩიანი

„ აზერბაიჯანის რესპუბლიკა დღესაც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. ცდილობს მეზობელი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და  მაპროვოცირებელი ღონისძიებების დაგეგმვით არღვევს როგორც  საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონებს“.

სასწავლო-კულტურული ცენტრის „ჰაიარტუნ“-ის ხელმძღვანელმა, ლევონ ჩიდილიანმა  თავისი კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ღონისძიების ორგანიზებაში ყველა მოქმედმა სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

ლევონ ჩიდილიანი

„სათვისტომოში ყოველთვის აღინიშნება აზერბაიჯანში უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნის დღე. დღევანდელი ღონისძიება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ღონისძიებას ორგანიზება გაუწია თბილისში მოქმედმა თითქმის ყველა  სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ“.

 

ღონისძიების დროს ჟღერდა სომხური დუდუკი , სასულიერო და კლასიკური მუსიკა.

Leave a Reply