Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯას ყოფილი სკოლის შენობის ნაწილი გარემონტდა და სპორტდარბაზის ფუნქციას შეასრულებს, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს სავარჯიშო აღჭურვილობა და, შესაბამისად, თავის მიზანს ვერ ემსახურება․
შენობა შარშან, 2023 წელს გარემონტდა, შეიცვალა ფანჯრები და კარი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა მას რაიმე სავარჯიშო მოწყობილობა.
სოფელ ორჯას ერთ-ერთი ახალგაზრდა სარგის ჰაკობიანი ამბობს, რომ ეს სოფლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი იყო და ახალგაზრდები სპორტული დარბაზის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი თქმით, სოფელში არ არის აქტივობის ცენტრი, ამიტომ რჩება მხოლოდ სოფლის ცენტრში შეკრება, რაც თავისუფალი დროის გატარების არცთუ ისე მიმზიდველი აქტივობაა.
შენობა პირველად პროგრამის „დახმარება სოფელს“ ფარგლებში გარემონტდა და სოფლისთვის გამოყოფილი 16 000 ლარის ახალგაზრდებისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობაზე მიმართვა გადაწყდა. თუმცა თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ 2022 წელს ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა პირობა დადო, რომ პროექტს მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტით დაასრულებდა.
„პირდაპირი შეხვედრა მქონდა სოფლის მოსახლეობასთან, ვიყავი მოცემულ ტერიტორიაზე, მომავალ წელს გვექნება საერთო პროექტი, დავასრულებთ ადგილობრივი ბიუჯეტით და დავასრულებთ დაწყებულ სამუშაოებს. თუ პროგრამას „დავეხმაროთ სოფელს“ განახორციელებენ, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განაცხადა მერმა მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews.ge-სთან ინტერვიუში 11 სექტემბერს, უკვე მას შემდეგ რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
2023 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, რომლის ფარგლებშიც შენობის რემონტისთვის დამატებით 63 559 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამოიყო. სამუშაოები შპს “მორფ9.4”-ის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად უნდა შესრულებულიყო. ტენდერში ერთადერთი მონაწილე ინდივიდუალური მეწარმე ზოია ამაზარიანი იყო, რომელთანაც 2023 წლის 29 სექტემბერს ხელშეკრულება დაიდო. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, ხელშეკრულების მიხედვით, 60 ათასი ლრი შეადგინა. ხელშეკრულება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, თავდაპირველად, სოფელ კუმურდოში სკოლის და საფეხმავლო ბილიკის შემოღობვასა და ფანჩტურის მშენებლობაზე გააფორმა, თუმცა გაფორმების დღესვე მასში ცვლილება შეიტანა და ამჯერად ხელშეკრულების საგნად სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიუთითა. ამგვარი ცვლილების აუცილებლობა რატომ დადგა, დოკუმენტში ახსნილი არ არის.
2023 წლის 10 ნოემბერს შემსრულებელმა ახალი ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც პროექტის ღიღებულება დაკორექტირდა და 42 ათას ლარამდე შემცირდა. თანხის 93% – 39400 ლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ინდივიდულურ მეწარმეს უკვე 13 დეკემბერს გადაუხადა. გადახდა 11 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება სწორედ ეს თანხა იყო, ხოლო დარჩენილმა ეკონომიამ 20 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
საკითხის შესწავლისას დაგვხვდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული მხოლოდ ერთი ტენდერი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იყიდა სპორტული ინვენტარი, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ეს არის ტენდერი სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე, რომელიც მთლიანად მუნიციპალიტეტს უნდა გამოეყოს და არა სოფელ ორჯას.
იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა შენობა დანიშნულებას და დამონტაჟდება თუ არა იქ სავარჯიშო ტექნიკა, ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს დავუკავშირდით.
„შარშან სოფლის მაცხოვრებლების თხოვნით სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის აშენებისთვის დამატებითი რესურსები გამოვყავით, სოფლისა და მუნიციპალიტეტის ფინანსებით გამოყოფილი თანხებით მოეწყო, რაშიც სპორტული ინვენტარის შეძენა არ იყო დაგეგმილი, ამიტომ მომავალში სოფელს გამოყოფილი ბიუჯეტით მოუწევს მათი ყიდვა“, – გვიპასუხა მერმა.
„ალიქ მედია“ გააგრძელებს საკითხის შესწავლას და სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის მოწყობაზე არსებულ განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც მოგაწვდით.