სოციალური დახმარების პროგრამა – იარაღი არჩევნების დროს

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ყველა არჩევნების წინ, სოციალური პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ერთ-ერთ საკამათო თემად რჩება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ სოციალური პროგრამების აქტიური ხელშეწყობა და, შესაბამისად, სოციალური დახმარების ხარჯების გაზრდა ამომრჩეველზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტად ითვლება.

საქართველოში სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად გათვალისწინებულია მიზნობრივი სოციალური დახმარება, ანუ საარსებო შემწეობა, რომელიც შეფასების სისტემით გამოვლენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ასევე, ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და მომავლისთვის მის თვიდან აცილებას.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ ისურვა, „ალიქ მედია საქართველოს“ განუცხადა, რომ საარსებო შემწეობას 2020 წლის ივლის-აგვისტომდე იღებდა. საარსებო შემწეობით ისარგებლეს როგორც ოჯახის უფროსებმა, ასევე 3 არასრულწლოვანმა შვილმა. თუმცა მოგვიანებით მათ შემწეობა ჩამოართვეს. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, მან სოციალური შემწეობის აღდგენის მოთხოვნით შესაბამის პირებს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამბობს, რომ მოვიდნენ, სახლს დაათვალიერეს, კითხვები დაუსვეს და კომუნალური პირობები დაინახეს, შეაფასეს, მაგრამ საარსებო შემწეობა მაინც არ დაუნიშნეს. მისი თქმით, მიზეზი ის იყო, რომ მისი მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნდა. ჩვენი თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ ქმართან არაფერი აქვს საერთო და მისგან ფულს არ იღებს. ასევე, მან  მიმართა სოფლის გამგებელსა და  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, თუმცა მათგანაც უარი მიიღო.

„წინასაარჩევნო პერიოდში მოდიოდნენ და ამბობდნენ, სხვა სოფლის გამგებელს ან კანდიდატს ხმას ხომ არ მისცემთო? ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, თქვენ იცით ჩვენი საქმე… არჩევნების შემდეგ, როცა მათი დახმარება გვჭირდებოდა, მათ უარი განაცხადეს. ახლა იქნება საარჩევნო პერიოდი, ვნახოთ როგორ მოითხოვენ არჩევნებში მონაწილეობას ან ხმის მიცემას“, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან ამოქმედდა და დღემდე იგი მთავრობის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ღარიბი შინამეურნეობების დასახმარებლად. პროგრამა საჭიროებების შეფასების ირიბ მეთოდს – (Proxy Means Testing – PMT) იყენებს შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრად. სოციალური დაუცველის სტატუსის მინიჭებისთვის ოჯახები ფასდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და მათი დასაქმების სტატუსი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უძრავი ქონების ფლობა, კომუნალურ გადასახადებზე გაწეული ხარჯი და ა.შ.. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ითვლის შინამეურნეობის კეთილდღეობის ქულას.

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის წარმატებით გავლის შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის მომდევნო თვიდან.

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 100 ათასი ადამიანით გაიზარდა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მხოლოდ ივნისში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 70 ათასი ადამიანით გაიზარდა, წინა არჩევნებთან შედარებით, 112 ათასით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 51%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს სახელმწიფოსგან ყოველთვიური  სოციალური დახმარება საშუალოდ 435 961 ადამიანს იღებდა, 2022 წელს ამ რიცხვმა 659 005-ს მიაღწია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ ასევე კლებისკენ. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდება. სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო წლებში (2012, 2016, 2020) გაზრდილია სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის  (SJC) მკვლევარი-იურისტი მარიამ ჯანიაშვილი  „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკურ მანიპულაციაზე და სოციალურად დაუცველ ადამიანთა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციაზე არის საუბარი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილო თვითონ სოციალური შემწეობის სისტემის ფუნქციონირების ძირითად გამოწვევებზე და იმ, მზარდ დამოკიდებულებაზე, რომელიც მოსახლეობაში შეინიშნება, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში. მისი თქმით, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა სულ უფრო  მეტი ადამიანი ერთვება საარსებო შემწეობის სისტემაში და იღებს სახელმწიფო სოციალურ გასაცემელებს.

„იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო რეალურად დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს მათ (სოციალურად დაუცველ ოჯახებს-რედ.), დაძლიონ სიღარიბე, რეალურად  უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ადამიანები ამ გასაცემელებზე (სოც. დახმარებაზე. ანუ სახელმწიფოს მხრიდან რეალურად არ არსებობს ხედვა და ეფექტიანი მექანიზმები, მათ შორის ეფექტიანი სერვისები, რომელიც რეალურად დაეხმარებოდა ამ ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში“- ამბობს ჯანიაშვილი. 

მან ისიც დასძინა, რომ, როცა საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტზე მეტი ( 677 ათასზ მეტი ადამიანი) იღებს საარსებო შემწელობას, საგანგაშო ფაქტია. როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით ნახევარი სისტემაში  უკვე ხუთი წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის  განმავლობაშია, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ სისტემაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა არის საკმაოდ დიდი. მისი თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანები სისტემაში რჩებიან 10-15 წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ საგანგაშოა.

თვითონ საარსებო შემწეობის სისტემა არის საკმაოდ ბუნდოვანი, ანუ ეფუძნება ქულებრივ სისტემას, რომელიც გამოითვლება რთული კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულთან არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან ის ბუნდოვანია. ასევე, იზრდება რისკი რომ, ეს სისტემა გამოყენებულ იქნება მმართველი პარტიების მიერ“- ამბობს ჯანიაშვილი.

მისი თქმით, SJC-ის კვლევა აჩვენებს, რომ როგორც წესი საარჩევნო პერიოდებში როგორც სოციალური შემწეობის ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე სოციალური გასაცემლების რაოდენობა, უფრო მაღალი იყო, ვიდრე არასარჩევნო წლებში.

„კვლევამ აჩვენა ისიც, რომ რაღაცნაირი მიმართება არსებობს ტერიტორიის მიხედვით,  მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული ხმების პროცენტული მაჩვენებლებსა და იმ რეგიონში საარსებო შემწეობის ან  მუნიციპალიტეტის შემწეობის მიუღებ პირთა პროცენტული მაჩვენებლებს შორის. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემები შეჯერების შედეგად იქნა მიღებული, თუმცა ამის მიღმაც არაერთ რეგიონში ადამიანები აღნიშნავენ იმას, რომ რაღაცნაირად აქვთ იმის შიში რომ თუნდაც კრიტიკული აზრის დაფიქსირებით, თუნდაც რაღაცის გაპროტესტებით შეუქმნიან საკუთარ თავს საფრთხეს, იმიტომ რომ ამ პროგრამის გარშემო არის ძალიან დიდი ბუნდოვანება რაც საკმაოდ მაღლა წევს პირადი მიზნებისთვის მისი ინსტრუმენტალიზაციის რისკს“- ამბობს ჯანიაშვილი. 

SJC-ი ანგარიშში შესწავლილი მონაცემები ხაზს უსვამს რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენციას, რომლებიც დაკავშირებულია საარსებო შემწეობის მიმღებებთან და საარჩევნო პერიოდებთან. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2012, 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული მაჩვენებელი წინა სამწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალი დაფიქსირდა. ეს ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 2016 და 2020 წლის არჩევნებში, რაც მიუთითებს შესაძლო კავშირზე საარჩევნო ციკლებსა და სოციალურ ხარჯებს შორის.

“წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდების გაანალიზებისას ცხადი ხდება, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული მაჩვენებელი წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მაღალია. ეს ტენდენცია თანმიმდევრულია ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შესაძლოა გაზარდოს სოციალური ხარჯები ამომრჩევლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ადგილობრივი არჩევნები უფრო საინტერესო შედეგებს აჩვენებს. კერძიდ, საარსებო შემწეობის მიმღებთა მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა 2021 წლის უაღრესად სადავო არჩევნების დროს“- წერია ანგარიშში.

“ფაქტ-მეტრი”-ს უფროსი ანალიტიკოსი თეონა აბსანძე „ალიქ მედია საქართველოსთან” საუბარში აცხადებს, რომ მრავალი წლის დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეკორდულად იზრდება სოციალური დაუცველების რაოდენობა. მისი თქმით, წელსაც მაღალ ნიშნულზეა სოციალური დაუცველების რაოდენობა.

“როცა ვამბობთ, რომ სოციალური პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია ხელისუფლების ხელში, ამის თქმის საფუძველს სოციოლოგიური კვლევები და ის განწყობები გვაძლევს, რაც თვითონ სოც. დაუცველებში არსებობს. – ანუ ის, რომ როგორც წესი, ეს ჯგუფი არის მოწყვლადი ჯგუფი, მათში არის გამჯდარი განცდა, რომ ისინი თუ არ მივლენ არჩევნებზე და თუ ხმას არ მისცემენ მოქმედ ხელისუფლებას, და თუ ხელისუფლება შეიცვლება, მათ შეიძლება დახმარება დაკარგონ”- ამბობს აბსანძე.

იგი ასევე, აღნიშნავს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარება სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. თუმცა გაზრდილი სტატისტიკა მიუთითებს, რომ მხოლოდ ეს შემწეობა, სხვა ხელშემწყობი გარემოებების გარეშე, ამ მიზანს ვერ აღწევს. დახმარების მოცულობა ზრდასრული ადამიანზე 30-დან 60 ლარამდეა, რაც ცხადია, სიღარიბეს მას ვერ დააძლევინებს. 

სოციალურ დახმარების პროგრამასთან ერთად, აღსანიშნავია “საზოგადოებრივი დახმარების პროგრამაც”. იგი სიღარიბის დაძლევისა და სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა და მიზნად 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმება დაისახა.

საზოგადოებრივი სამუშაოების შესახებ საჯაროდ საქართველოში პირველად 2021 წლის ნოემბერში განაცხადეს და შემდეგ უკვე 2022 წლის თებერვალში, უშუალოდ პროგრამის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე. პროგრამის დაანონსებისას საჯარო განცხადებებში არ თქმულა, თუ რა გამოწვევებზე საპასუხოდ დაიგეგმა პროგრამა, თუმცა გაკეთდა რამდენიმე ამბიციური განცხადება პროგრამის წარმატების განმსაზღვრელ ინდიკატორებთან დაკავშირებით. ძირითადად, ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობით შექმნასა და, რაც მთავარია, მსხვილი განვითარებისა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა.

პროგრამის პირობების თანახმად, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ამ სამუშაოს გააფორმალურებენ, ანუ ლეგალიზაციას მოახდენენ, ან თუკი უბრალოდ ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და, დამატებით, გაწეულ შრომაში ყოველთვიურად 300 ლარს დაუმატებენ. მათი ქულები კი მხოლოდ 4 წლის შემდეგ გადაიხედება.

თეონა აბსანძის თქმით, ამ პროგრამით სამუშაო ადგილები ხელოვნურადაა შექმნილი, რომელთა ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი თქმით, როგორც უმუშევრობის პროგრამა- ეს ვერ ჩაითვლება ეფექტურ პროგრამად, ეს პროგრამა იღებს იგივე სახეს, რაც არის სოციალური დახმარება ადამიანებისთვის.

ზემოაღნიშნული ანალიზიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და მცირდება მაშინ, როდესაც უახლოეს პერიოდში არჩევნები არ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა პროგრამაში საჭიროა რეფორმები, რადგან როგორც ჩანს მოქმედი ფორმით ეს პროგრამა არაეფექტურია და ამაზე საუბრობს ფაქტი, რომ ყოველ წელს იზრდება სოც.დაუცველების რაოდენობა. მზარდი სტატისტიკა კი იმაზე მითითებს, რომ, ან მოქმედი პროგრამას აქვს უარყოფითი მხარეები ან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ყოველ წელს უფრო უარესდება. 

სტატიაში მიყვანილი გრაფიკი აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების პროგრამა გახდა პოლიტიკური მიზნით გამოყენების ბუნდოვანი მექანიზმი. სტატიაში ასახულ მონაცემების და მოსაზრებების შეჯამებიდან გამომდინარე, ლოგიკური ეჭვი არსებობს იმისა, რომ როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მხრიდან სიღარიბის დაძლევის და სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ამოქმედებული “საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაც” იმსახურებს კრიტიკას. იგი დასახული მიზნის მისაღწევად არაეფექტური გზაა. ამის დასტურია ის, რომ 2022 წლიდან, როდესაც ეს პროგრამა ამოქმედდა, გაიზარდა სოც. დაუცველების რაოდენობა. აქვე აღვნიშონთ, რომ “საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა” სახელმწიფოსთვის ზრდის სოციალურ ხარჯებს და არ ზრუნავს სიღარიბეში მყოფი მოქალაქეების განვითარებაზე და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში იქნება იგივე პრობლემები, რაც იყო მანამდე.