Latest posts by Aliq Media (see all)
დაახლოებით, 50 ადამიანი ახალქალაქიდან დედაქალაქში პარლამენტის დეპუტატთან შესახვედრად ჩამოვიდა. მათი მიზანია გაარკვიონ, რა ეტაპზეა გამოძიება დადეშში მოპარულ პირუტყვებთან დაკავშირებით.
თუმცა, მათ შეხვედრა უკმაყოფილოდ დატოვეს, რადგან ქურდები ამ დრომდე არ დასჯილან და პრევენციისთვის საზღვრის კონტროლი არ გაძლიერებულა.
სოფელის მოსახლეობა გაბრაზებულია, რადგან ამ დრომდე სომხეთ-თურქეთის საზღვართან დაკარგული საქონლის საქმეზე წინსვლა არაა, მითუმეტეს, თურქულ მხარეს დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს საქონლისა და ქურდების გადასვლა. მოსაახლეობის თქმით, ვითარება დაძაბულია და დაუცველი საზღვრის გამო მოსახლეობა მუდმივ შიშშია. ისინი მოითხოვენ დამნაშავე მესაზღვრეების პოვნასა და დასჯას.
სოფლის მცხოვრები მანველ მოვსისიანი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის მესაზღვრეები ერთმანეთთან არიან შეთანხმებულები.
“თურქულ მხარეს რომ მოენდომებინა იპოვიდა მძარცველებს. ჩვენ გვინდა, რომ მძარცველებმა პასუხი აგონ. გვინდა რომ ისინი დასაჯონ. ეს მარტო დადეშელების საკითხი არ არის, ეს არის მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხი. როდემდე უნდა მოვითმინოთ, ნება იბოძონ და საძღვარი გააძლიერონ. მათ თავისუფლად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, ჩვენ კი არ გვიშვებენ,” – ამბობს მანველ მოვსესიანი.
რუდიკ აკობიანი, ასევე აღშფოთებულია მესაზღვრეების მუშაობით.
“50 მეტრის მანძილზე, როგორ არის შეუძლებელი ამის დანახვა. აბა, რატომ დგანან იქ თუ ვერ ახერხებენ მონიტორინგს, დაამატონ ძალები. ერთსა და იმავე ადგილიდან გადაჰყავთ პირუტყვები. ეს პირველი შემთხვევა არ არის,”- ამბობს რუდიკ აკობიანი.
არტაშეს განდიანი ერთ-ერთი დაზარალებულია. მან იმედი გამოთქვა ,რომ დღეს ამ საკითხზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოისმენს.
დეპუტატმა ენზელ მკოიანმა სოფელ დადეშის მცხოვრებლებს განუცხადა, რომ ის შეეცდება მეტი ინფორმაცია გაიგოს აღნიშნულ ფაქტებზე.
“მითხრეს, რომ მესაზღვრეები და პოლიცია აქტიურად მუშაობენ. შედეგებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გვეტყვიან. მე ვარ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი და პირველივე სხდომაზე დავაყენებ საკითხს საზღვრის პუნქტის კამერებით მონიტორინგის გაძლიერების შესახებ” – თქვა ენზელ მკოიანმა
სოფელ დადეშის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან სანამ არ მიაღწევენ სამართლიანობას.