სომხურ ეკლესიაში აზერბაიჯანელის გადაღებული ვიდეო ახალი არ არის

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელი პიროვნება ქალაქ თბილისში მდებარე წმინდა გევორგის ეკლესიაში შედის წირვის დროს, სადაც იგი აზერბაიჯანულ ენაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სომხებს და სომხეთს და ანტი-სომხური მოწოდებებით გამოდის. პიროვნება თანამემამულეებს მოუწოდებს, სომხეთის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ეკლესიასთან მთიანი ყარაბაღის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გამართონ.

ვიდეოს მეორე ნაწილში პიროვნება საკუთარი მოსაზრებით სომხეთის, რეალურად კი კოლუმბიის დროშასაგდებს ძირს, რომელსაც ასევე შეურაცხყოფას აყენებს და შემდგომ წვავს მას.

საქართველოში სომხური სამოციქულო ეპარქიის წინამძღვრის, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის თქმით, აღნიშნული ინციდენტი 2018 წლის 2 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნება ორ სხვა, სავარაუდოდ აზერბაიჯანელ პიროვნებასთან ერთად მივიდა ტაძრის ეზოში. მათ ტაძრის მსახურებს თავი ტურისტებად გააცნეს და ეკლესიის დიაკვნის აკრზალვის მიუხედავად, ტაძრის ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება განახორციელეს.

ეპისკოპოსის განცხადებით, აღნიშნული ვიდეომასალა სავარაუდოდ შემდგომ  არის დამონტაჟებული, რადგან აღნიშნული დროშის დაწვა ტაძრის ტერიტორიაზე არ მომხდარა და არც ვიდეომასალაში არსებული გარემო შეესაბამება წმინდა გევორგის ეზოს სივრცეს.

საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმოამდგენლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადასცეს ტაძრის ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გამოძიების თქმით, აღნიშნულ ვიდეოში მყოფი პირი აზერბაიჯანიდან არის, ხოლო მისი თანმხლები ორი პიროვნება, საქართველოს მოქალაქეები არიან.

სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა. ასევე ინფორმირებულია სომხეთის საელჩო საქართველოში.