სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა გვაქვს,“ – განაცხადა ტორისიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

„ვიმედოვნებ, ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებ ყველას, ზრდასრულებსა და ბავშვებს, მკარად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები,“ – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმადგენლები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვების ნაწილში კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შესახებ რამდენიმე კვირაა საუბრობენ. მათი განმარტებით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ ბავშვებში გამოვლენილი კლინიკური ნიშნები, მათ შორის მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი და გულის ფუნქციონირების დასუსტება, ძალიან ჰგავს იშვიათი დაავადების, კავასკის, სიმპტომებს.

interpressnews.ge