სომხეთში ბავრას საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

სომხეთში ბავრას საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გახსნა. ახლადაშენებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას, ასევე დაესწრო საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას დახვდნენ სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი.

სტუმრებმა დაათვალიერეს საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე დეტექტორები, სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა.

ბავრას საბაჟოს ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კინოლოგიური სამსახური. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სომხეთის მხრიდან ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა, მნიშვნელოვანია საქართველო-სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

 

 

Leave a Reply