სომხეთის უშიშროების სამსახურმა დეპუტატის სახლში უკანონოდ გადამალული ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ნივთები, ასევე ძვირადღირებული მანქანები აღმოაჩინა

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 16 ივნისს, სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, მოხალისეთა კავშირ “ერკრაპას“ თავმჯდომარის, გენერალ-ლეიტენანტის მანველ გრიგორიანის სახლსა და მის კუთვნილ საზაფხულო აგარაკზე ჩხრეკა განახორციელა.

სომხეთის სუს-ის ინფორმაციით, მანველ გრიგორიანის საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა სახის საჭმელი პროდუქტი, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური და სამედიცინო ნივთები, ასევე რეტრო და ათეულობით თანამედროვე მანქანა აღმოაჩინეს.

უშუშროების სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატის სახლში ასევე აღმოაჩინეს აპრილის ოთხდღიანი ომის დროს თავდაცვის არმიისთვის განკუთვნილი ჯიპები და სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც თავდაცვის ჯარებს რუსეთის სომხური თემის წარმომადგენლებმა გადასცეს.

“ყუთებზე წარწერებისგან ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილის ყარაბაღის ოთხდღიან ომის დროიდან არის. საიდან და რატომ გაჩნდა ეს ყველაფერი ‘არცახის გმირის’ აგარაკზე, ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი გამოიძიებს,” – წერია განცხადებაში.

გამოძიების შედეგად ასევე იპოვეს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცებისთვის გაგზავნილი ნივთები, რომლებიც არ ექვემდებარება გაყიდვას ან სხვა გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მანველ გრიგორიანის კუთვნილ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალაც აღმოაჩინეს.

გრიგორიანის წინააღმდეგ, რომელსაც გამოჩენილი თავდადებისთვის ‘არცახის გმირს’ უწოდებდნენ, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ასევე გრძელდება გამოძიება.

Leave a Reply