სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის შესახებ.
16 ოქტომბერს საღამოს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა ნიკოლ ფაშინიანი, რომლის მიზანია პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. სომხეთის კონსტიტუციით, მთავრობის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციებს აქვთ ერთკვირიანი ვადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პირველ ჯერზე პარლამენტი პრემიერს ვერ აირჩევს, შვიდ დღეში უნდა ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ დეპუტატების სულ მცირე მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ პრემიერ-მინისტრს ვერც ხელახალი კენჭისყრით აირჩევენ, პარლამენტის შემადგენლობა დაშლილად ცხადდება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება.
ოქტომბრის დასაწყისში, საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას.
სომხეთის პარლამენტში – ეროვნულ კრებაში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერ-მინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ ამ შემოდგომაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ აუცილებელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021