სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატის 4 ძმა დააკავა

სომხური საინფორმაციო სააგენტო armtimes.com-ის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, 22 ოქტომბერს, ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატის არაქელ მოვსისიანის (შმაისის) 4 ძმა – მურადი, ზარზანდი, საჰაკი და ლიოვა მოვსისიანები დააკავეს.

ასევე ცნობილია, რომ ამავე დღეს დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა  მათი ბინებში ჩხრეკა განახორციელეს.

სოფელ აიგეკის გუბერნატორმა, ვარუჟან აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს დილით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შმაისის ძმები წაიყვანეს, თუმცა სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა  ჩხრეკა განახორციელეს ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატის, შმაისის სახლშიც. ამის შემდეგ შმაისი დაიბარეს ეროვნული უშიშროების სამსახურში და დაკითხეს. იგი გაათავისუფლეს იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებაყოფლობით გადაცემის საფუძველზე.