სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის ცხედარი იპოვეს

ერევანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, გეორგი კუტოიანის ცხედარი იპოვეს. მას აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიტანილი ჭრილობები. ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის საბჭო ავრცელებს.

ამჟამად ადგილზე ერევნის ზეითუნ-ქანაქერის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები მუშაობენ.

გეორგი კუტოიანი 1981 წელს ერევანში დაიბადა. 2011 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით იგი პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2011-2014 წლებში ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2016 წელს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბრძანებით დაინიშნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად. იგი ამ თანამდებობას 2018 წლამდე იკავებდა.