სომხეთის ექსპრეზიდენტის შვილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი

სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედრაკ ქოჩარიანს 18 თებერვალს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის, — წერს რადიო “თავისუფლების” სომხური ბიურო.

გამოძიებას აწარმოებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური (NSS), რომელსაც ჯერ არ უსაუბრია საქმის დეტალებზე. თუმცა ამ ორგანოს ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა სექტემბერში განაცხადა, რომ იკვლევდა “ქოჩარიანების ოჯახის მფლობელობაში არსებული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების საკითხს” და მათ აბრალებდა “თაღლითურ სქემაში მონაწილეობას”.

პასუხად სედრაკ ქოჩარიანმა მას დეფამაციისთვის უჩივლა. 18 თებერვალს, ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კი განაცხადა: “რაც ხდება, საერთოდ არ მიკვირს. [პრემიერი] ნიკოლ ფაშინიანი დიდი ხანია, ჩვენს ოჯახზეა გადაკიდებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჟურნალისტი იყო”.

მან გაიმეორა მამის, რობერტ ქოჩარიანის სიტყვები და თქვა, რომ 2008 წლის არჩევნების შემდგომი ძალადობა ფაშინიანის ბრალი იყო.

რობერტ ქოჩარიანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 2008 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის საქმესთან დაკავშირებით. ქოჩარიანს, რომელიც აქციების დროს ჯერ ისევ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რამდენიმე კვირის წინ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს, რაც მან გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაუკმაყოფილეს.

netgazeti.ge