საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი 27 ივნისს, მარნეულის რაიონის სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფელ ჩანახჩის ეწვია.
ელჩმა სოფელში გზების ცუდ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში რთულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. სადოიანმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება აქვს და იგი პირადად ჩაერთვება ამ პროცესში, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობას კარგი გზა ჰქონდეს.
ადგილობრივებმა ისაუბრეს საზღვრის გადაკვეთის მკაცრი რეჟიმის შესახებ და აღნიშნეს, რომ გვერდით სოფელ ჯილიზში მისასვლელად 80 კილომეტრის გავლა უწევთ, მაშინ როდესაც სოფლები ახლოს მდებარეობენ.
ადგილობრივებმა ასევე ისაუბრეს საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აღნიშნეს, რომ რეესტრში განცხადების და თანხის შეტანის შემდეგაც ვერ ახერხებენ სახლების საკუთრებაში გაფორმებას.
მარნეულის მერის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის განცხადებით, რომელიც ელჩთან ერთად სტუმრობდა სოფლებს, რეესტრის მომსახურება უფასოა და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.
“მობრძანდით მერიაში მე შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით ამ საკითხის მოგვარებაში” , – განაცხადა ტაბატაძემ.
ადგილობრივებმა ისაუბრეს სოფელში სამედიცინო პუნქტის არ არსებობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამოც მათ მარნეულში უწევთ ჩასვლა. ასევე ისაუბრეს სკოლის არ არსებობაზეც. ელჩმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.