განახლებულ სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებების 13 დღისა და მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზოჰრამ მნაცაკანიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები 9 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე, დაახლოებით 11 საათი გაგრძელდა.
ეს ომის ხელახალი დაწყებიდან მხარეების პირველი პირისპირი შეხვედრა იყო, რომლის მედიატორიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იყო. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სწორედ ლავროვმა გააცნო შეთანხმების 4 პუნქტი:
- 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოხდეს ტყვეების გაცვლა და მიცვალებულების გადასვენება, შუამავლობას კი გასწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება;
- ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობებით დამატებით იქნება შეთანხმებული;
- აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას;
- მხარეები თანხმდებიან მოლაპარაკებების ფორმატის უცვლელობაზე [ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რუსეთის ფედერაცია, აშშ და საფრანგეთი არიან].
საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეუჰუნ ბაირამოვსა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს ჟურნალისტებთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.
მოლაპარაკებებს წინ უძღოდა არაერთი ქვეყნის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატები კიდევ ერთხელ მიიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
წყარო – ნეტგაზეთი
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021