Latest posts by Aliq Media (see all)
23 აპრილს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და საქართველოში მოქმედი სომხური სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიერ The Biltmore სასტუმროს Grand Royal Ballroom დარბაზში გაიმართა სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებას დაესწრებიან საპატიო სტუმრები, საზოგადოების წარმომადგენლები.
“მიმდინარე წელს სრულდება დასავლეთ სომხეთში ოსმანთა იმპერიის მხრიდან განხორციელებული სომეხთა გენოციდისა და სომეხი ერის მიერ სამშობლოს დაკარგვის 102-ე წლისთავი. ამ სასტიკი მოვლენის შედეგად, გენოციდს გადარჩენილი და სამშობლოდაკარგული სომხობა გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ.
ყოველ წელს 24 აპრილს, სომხეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება სომეხთა გენოციდის მსხვერპლისა და წმინდანად შერაცხულ მილიონ ნახევარი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები”-აღნიშნულია საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
პრეს–რელიზში აღნიშნულია, რომ “სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. 1993 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
დღეისთვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).
საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე–12 წელია, რაც მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვის თხოვნით. მიუხედავად მრავალი მიმართვისა, საქართველოს პარლამენტი დღემდე უგულებელყოფს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6% მოქალაქეების ნებას.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც შეურთდება 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესს, რათა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არასდროს არ განმეორდეს მსგავსი სასტიკი დანაშაული”.