სომეხი და ქართველი ახალგაზრდების ორგანიზებით თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორების” კონფერენცია გაიმართა

11-13 ოქტომბერს, თბილისში სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია “სომხეთის პროგრესული ახალგაზრდები” და ქართული კრეატიული განვითარების ცენტრის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში “ახალგაზრდული ჩართულობა და ახალგაზრდობის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში: აღმოსავლეთ პარტნიორობა და გამოცდილება ევროკავშირში” კონფერენცია გაიმართა.

როგორც კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კრეატიული განვითარების ცენტრის წევრი თამარ მამადაშვილი “ალიქ მედიასთან” საუბარში აღნიშნავს, შეხვედრის პირველი დღე ძალიან კარგი იყო, სტუმრებმა თბილისი დაათვალიერეს და მეგობრული ატმოსფერა შექმნეს, გაიცნეს ერთმანეთი.

მოლოდინები ბევრია და როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, უკვე გარკვეული შედეგიც არის.

ორგანიზაცია “სომხეთის პროგრესული ახალგაზრდების” პრეზიდენტმა გრიგორი იერიციანმა “ალიქ მედიასთან” ისაუბრა იდეისა და შემდგომი გეგმების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში განიხილება საგანმანათლებლო, პოლიტიკური და სამოქალაქო თემები, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ამავე თემებზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციები, რომლითაც შევძლებთ სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ახალგაზრდების შეკრებას. ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემები და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება”, – ამბობს იერიციანი.

იერციანის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ სამინისტროების წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. ამგვარად, გადაწყვეტილების მიმღებებთან ურთიერთობა უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

პროგრამაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.