გუშინ 21 აპრილს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეგახსენებთ, რომ ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, დევიზით „ხელები შორს ყარაბაღისგან“, მსვლელობა მოაწყვეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, სადაც დღეს ლავროვმა მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგა ედვარდ ნალბანდიანთან. სამინისტროს შენობას დიდი რაოდენობით პოლიცია იცავდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგით – „თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი“, ასევე ხელში ეჭირათ ოთხდღიანი ომის დროს დაღუპულ სომეხ ჯარისკაცთა ფოტოები. აქციიდან ინფრომაციას ავრცელებდა armtimes.com სააგენტო.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, თავიანთი რიგებიდან გაეყვანათ კაცი, რომელიც შეტაკების ინიცირებას ცდილობდა, საბოლოოდ იგი გაყვანილ იქნა. ამის შემდეგ აქციამ გადაინაცვლა რუსეთის საელჩოსთან.
საელჩოს წინ პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. მათ აქციის მონაწილეებს გზის გადაკვეთისა და შენობასთან მიახლოების უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ რამოდენიმემ შეძლო საელჩოს შესასვლელთან მიახლოება, სადაც მათ დატოვეს სიმობოლური „საჩუქრები“- მოლოტოვის კოქტეილი და ფეხსაცმელი, როგორც “რუსული ჩექმის“ სიმბოლო.
აღსანიშნავია მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნები:
- სომხეთსა და არცახს არც ერთი მტკაველი მიწა არ აქვს დასათმობი, პირიქით საკუთარი ხალხის უსაფრთხოების გარანტიისთვის უფრო ფართო ზოლის შექმნის აუცილებლობა არსებობს.
- არცახის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იყო და იქნება მხოლოდ არცახის ჯარისკაცი, ხოლო საერთაშორისო სამშვიდობო ძალები უნდა განლაგდეს აზერბაიჯანში ადგილობრივი მოსახლეობის თალიშების, ლეზგებისა და ავარების დასაცავად.
- უზრუნველვყოთ აზერბაიჯანიდან ლტოლვლ სომეხთა, მათ შორის შაჰუმიანელების უსაფრთხო, სწრაფი დაბრუნება აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ სომხურ რეგიონებში.
- ვაღიაროთ არცახის დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
- შევაჩეროთ რუსეთის მიერ აზერბაიჯანის შეიარაღება, უახლესი თავდასხმითი და მასობრივი განადგურებით აღჭურვა, რომლებიც გამოიყენებოდა და გამოყენებული იქნება სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ.
ფოტო:armtimes.com