თბილისში ავლაბრის “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის”, იგივე “კარმირ ავეტარანის” სახელით ცნობილი ეკლესიის გვერდით 2016 წელს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიას.
ამ საკითხმა დიდი ხმაური გამოიწვია იმ დროსაც, მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს, ეკლესიის გვერდით არის სასტუმრო, კაფეც ახლახან გაიხსნა და ეკლესიის კედელი ამ სასტუმროს ავტოსადგომად გადაიქცა.
14 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინიციატივით, ეჩმიაძინის ეკლესიაში ლიტურგიის შემდეგ, სომხური საზოგადოების წევრები და მორწმუნეები შამხორეცონცის ეკლესიისკენ გაემგზავრნენ. მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში სანთლები დაანთეს, ილოცეს და ასევე დაასუფთავეს ეკლესიის ტერიტორია. ეკლესიის ტერიტორიაზე იყო ასევე მარიხუანას მომხმარების საშუალებები, ბოთლები.
“ეს მშვიდობიანი აქცია მოუწოდებს, რომ არ უნდა იყოს გულგრილობა თბილისის კულტურული ძეგლის მიმართ”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
“საქართველოში სომეხურმა ეპარქიამ არაერთხელ მიმართა სათანადო ორგანოებს საჩივრებითა და წერილებით, და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა მკაცრად აკრძალულია ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი განაგრძობენ საქმიანობას. ხმა უდაბნოში, უპასუხოდ”, – “ალიქ მედიასთან” საუბარში აცხადებს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სუსანნა ხაჩატრიანი.
“ოდესღაც სომხურ უბანში განთავსებულ ეკლესიას, საბჭოთა კავშირის დროს განსხვავებული ფუნქციები ჰქონდა, თუმცა 4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად განადგურდა“, – აცხადებს ეკლესიის მახლობლად მცხოვრები მოხუცი ქალბატონი.
„შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინი“ თბილისში, ავლაბრის ცენტრში მდებარეობს. ეკლესია მოქალაქეების ფულით 1775 წელს დაარსდა. 1809 წელს განხორციელდა ეკლესიის მთლიანი რესტავრაცია. 1989 წლის 14 აპრილს ეკლესია დაინგრა. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ეკლესიის ნგრევის მიზეზი ოთხბალიანი მიწისძვრა იყო. დღესდღეობით, ეკლესიისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ თბილისში, სომხური ტაძრის – “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის” მახლობლად მიმდინარე მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის უხეში უგულებელყოფით. ორგანიზაცია ასევე თვლის, რომ არსებული პრობლემა წარმოაჩენს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას რელიგიური ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობისადმი.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ TDI-მ განაცხადა, რომ მიმდინარე მშენებლობა “საფრთხეს უქმნის სავალალო მდგომარეობაში მყოფ სომხურ ეკლესიას და მისი სრულად დანგრევის მაღალ რისკს შეიცავს; ხელს უშლის ეკლესიის ვიზუალურ აღქმას და ამცირებს მის მნიშვნელობას. უგულებელყოფს ისტორიული გარემოს არქიტექტურულ მახასიათებლებს.”
2016 წლის 5 დეკემბრიდან ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყო. შპს „ჰორიზონტისთვის“, რომელიც პასუხისმგებელია სამშენებლო სამუშაოებზე, გაცემულია ყვეელა საჭირო ნებართვა. მშენებლობა მიმდინარეობს ეკლესიიდან 5 მეტრის დაშორებით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021