Latest posts by Aliq Media (see all)
ტავუშის რეგიონის სოფელ ზორაკანში ხალხის მოგონებები და საუბრები წარსულს ჩაბარებულ კარგ ცხოვრებაზე, გადასახლებასა და ახლანდელ სირთულეებზეა. ზორაკანი დევნილთა სოფელია. 1988 წლიდან აქ დევნილთა ოთხი ტალღა ჩამოვიდა. ძირითადი მოსახლეობა ჩარდახლუდანაა, დანარჩენები – არცახიდან.
ხაჩისარი ანუ სოფელი ჩარდახლუ აზერბაიჯანის შამხორის რაიონში მდებარეობს. ქალაქ შამხორის დასავლეთით, ისტორიული დიდი ჰაიქის უტიქის ოლქის შაკაშენის პროვინციის ერთ-ერთი სოფელია. არცახის კონფლიქტამდე აქ მხოლოდ სომხური მოსახლეობა სახლობდა.
ჩარდახლუ უძველესი, მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე სოფელია. ამას მოწმობს მრავალი ძეგლი: ხაჩქარები, საფლავის ქვები, სამლოცველოები, ეკლესია.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 1250 ჩარდახლუელი, მათგან 12 გენერალი გახდა, 57 პოლკოვნიკი, ხოლო შვიდ ჩარდახლუელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
საზღვრიდან საზღვრამდე ჩამოსული არცახელები სოფელთან ადაპტირებას ცდილობენ. აქაურობა დაკარგულ სამშობლოს ჰგავს, თვითონ და ადგილობრივები კი – ბედისწერა დაკარგულებს.
„ჩვენ სოფელშიც ასეთი მთებია, დიდი მთები, ძალიან ჰგავს არცახის სოფელს…“. გარიკ სტეფანიანი ასკერანის რაიონის სოფელ ნახიჯევანიკიდან არის. არცახში მათ დიდი ბაღები ჰქონდათ გაშენებული და მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ, ომის შემდეგ ახალი სახლი ააშენეს, სადაც მხოლოდ წელიწადი და 19 დღე იცხოვრეს.
იციან, რომ ზორაკანშიც მათი შემოსავლის წყარო მიწა და ბაღი იქნება, თუმცა გარიკმა სამსახური უკვე იშოვა. მისი ცოლი ანუში მზადაა აქაც ქმართან ერთად იმუშავოს, აგური აგურს დაადოს. მაგრამ, ამბობს, რომ მათ გულებში შიშია დაბუდებული.
„აქაურობასაც ხომ არ დავტოვებთ? აქედანაც ხომ არ წავალთ?…“ ეს ის კითხვებია, რომლებსაც ბავშვები დედას მუდმივად უსვამენ.
კარენ და რიტა ასრიანები მარტუნის რაიონის სოფელ ნორშენიდან არიან გადასახლებულნი. ახალ დასახლებაში მებაღეობას ეწევიან. სხვა საქმე არაფერია. ხანდახან ასრულებენ საქმეს დღიური ანაზღაურებით, მაგრამ, ასეთი საქმეებისთვის ანაზღაურება ძალიან დაბალია.
„იქ (არცახში-ავტ.) ხელფასები მაღალი იყო, მიდიოდი, ხეების ქვეშ მიწას თხრიდი და დღეში რვა ათას დრამს გიხდიდნენ, აქ კი მთელი დღე მუშაობ და ხუთ ათასზე მეტს არ გიხდიან. მაგრამ სოფელი ძალიან მოგვწონს, კმაყოფილები ვართ როგორც ხალხით, ისე სოფლის გამგებლით. მეზობლები თავზე გვევლებიან, ისინიც ჩვენსავით დევნილები არიან“, – ამბობს კარენ ასრიანი და მაშინვე არცახს იხსენებს, სულით და გულით იქ არის.
მეუღლე, რიტა კი თავის შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საზღვართან ახლოს ცხოვრობენ, საკუთარი კუთხის არ აქვთ და ნორშენის მეზობლებისგან ძალიან შორს იმყოფებიან.
„არცახი არ გვავიწყდება, დღისით ამ სოფელთან ვართ, ღამით კი – არცახში. ვისურვებდით, ჩვენი სოფლიდან აქ რომელიმე ოჯახი ყოფილიყო, ასე ჩვენთვის უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ ჩვენი სოფლის უმეტესობა სხვა რაიონებშია დასახლებული: მასისში, არარატში … აქაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანს აძლევენ სოფლებს. გვეშინია, მაგრამ სად წავიდეთ? გასაქცევი არსად გვაქვს, არც ერთი მხარე აღარ არის საიმედო, იმედგაცრუებული ხალხი ვართ “.
უკვე 35 წელია ასე გაურკვევლად და მოლოდინების გარეშე ცხოვრობენ. გევორგ მარტიროსიანი სინანულით და მონატრებით იხსენებს მდიდარი ბუნებით და ნაყოფიერი მიწებით სომხებით დასახლებულ ჩარდახლუს, საიდანაც ისინი 1988 წელს იძულებით გადაასახლეს.
1987 წლის ივლის-დეკემბერში აზერბაიჯანის სსრ შამხორის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი ასადოვი ხელმძღვანელობდა რეგიონიდან სომხების დევნის პროცესს. პირველივე დიდი შეტაკება მოხდა 1987 წლის ოქტომბერში, სოფელ ჩარდახლუში.
კოლმეურნეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ეროვნებით სომეხი ხელმძღვანელი და მის ნაცვლად აზერბაიჯანელი დანიშნეს. სოფელში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა ახალი თანამდებობის პირის დანიშვნას.
მრავალთვიანი ძალადობის შემდეგ აზერბაიჯანულმა მილიციამ თავდასხმა დაიწყო სოფლის სომეხ მოსახლეობაზე, იყო ძალადობაც. ამ მოვლენების შედეგად სოფელი მალე დაცარიელდა, რასაც მოჰყვა სომხების განდევნა მიმდებარე სოფლებიდანაც. ამ სოფლების ფართობი დაახლოებით 16,5 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ჩარდახლუს მაცხოვრებლები სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე გადავიდნენ და სოფელ ზორაკანში დასახლდნენ.
აქ, ზორაკანში, სადაც 1988 წლამდე აზერბაიჯანლები ცხოვრობდნენ, კვლავ კოლმეურნეობის ბაღებში მუშაობენ და მისდევენ მესაქონლეობას. ასე გავიდა სამი წელი.
„ხალხი უკვე მიჩვეული იყო აქ ცხოვრებასა და მუშაობას, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყდათ, 300 ჰექტარი ატმის ბაღები გახმა, არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი. სოფელი ბევრმა დატოვა. სულ 4-5 წელია, რაც სარწყავი წყლის მიწოდება აღდგა. ოცდაათი წელი წყალი არ გვქონდა. როგორც დევნილებს, ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია, ყოველთვის ცუდი მდგომარეობა იყო. ასეთია ჩვენი ამბავი“.
ზორაკანი ნოემბერიანის გაფართოებული თემის 19 დასახლებიდან ერთ-ერთია. სოფლები 2021 წელს გაერთიანდა. ადგილობრივები ამ პროცესზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ფიქრობდნენ, რომ თემების გაფართოების შედეგად საზღვრისპირა დასახლებებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებდნენ. ახლა კი თავს მოტყუებულად გრძნობენ.
ჩარდახლუდან გადმოსახლებულია მასწავლებელი ნარინე მელქონიანის ოჯახიც. ის იხსენებს, რომ გადასახლებამდე, ჯერ კიდევ თვეების წინ, შამხორის რაიონში ამბობდნენ, რომ მიწებს მალე აზერბაიჯანს გადასცემდნენ და მათ სოფლიდან განდევნიდნენ.
ზორაკანში კი, ნარინეს თქმით, წინა და ახლანდელი სირთულეები დიდად არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, საზღვართან მცხოვრები სოფლის მოსახლეობის ცხოვრება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
„ბურუსით მოცული ცხოვრება იყო, არც დახმარება გვქონდა, არც არაფერი… რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მართალია, მე არ გადამიტანია ის სირთულეები, რაც ჩემმა თანასოფლელებმა გადაიტანეს. სკოლაში ვმუშაობდი, მეუღლე რუსეთში მყავდა, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა… ახლა წყალი, განათება გვაქვს, ახალი ბაღებია გაშენებული. სახელმწიფომ არ უნდა დააყოვნოს, სოფლებში უნდა შექმნას საწარმოები, რომ არცახელებმაც და ჩვენც შევძლოთ საკუთარი თავის შენახვა“.
ომის დროს ლორეს რაიონის სოფლებში – მეწ (დიდი) აირუმსა და ფოქრ (პატარა) აირუმში კვლავ დევნილთა ოჯახები ჩამოვიდა. ოცდაათი წლის შემდეგ ისევ განმეორდა ის, რაც აქ მცხოვრებთათვის ღია და მოუშუშებელ ჭრილობად რჩებოდა. ახალმოსულები საკუთარ ჭერქვეშ ან მეზობლად დააბინავეს.ზოგი მათგანი ნათესავი და მეგობარი იყო, ზოგიც ისეთი არცახელი, სომხეთში რომ არ იყო ნამყოფი. აქ მომრავლდა ისტორიები ომის, გადასახლების, მიტოვებული სახლებისა და დასახიჩრებული ბედისწერის შესახებ.
ჩარდახლუ შამხორის რაიონის სომხებით დასახლებული ერთადერთი სოფლები იყო, საიდანაც მაცხოვრებლები სერიოზული შეტაკებების გარეშე განდევნეს.
ემა ქოჩარიანი 58 წლის იყო, როცა იგი „საუკეთესო სოფლიდან“ გადაასახლეს. ცხოვრების დიდი ნაწილი და საუკეთესო წლები მან ჩარდახლუში გაატარა. ხოლო ზორაკანში დევნილი იყო და ცხოვრობდა ისეთი ცხოვრებით, რომელიც სავსე იყო მრავალი სოციალური სირთულით.
„იმ დროს ჩვენთან მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი სოფლის მახლობლად სომხური სოფლები იყო და, როგორც ამბობენ, იქ ძალიან ბევრი ხალხი დაუხოცავთ. მაგრამ ჩვენს ჩარდახლუს გვერდი აუარეს და ეს ყველაფერი ჩვენი ბაბაჯანიანის წყალობით. ჩაგვსვეს მანქანებში, რბილი ჩალა დაგვიფინეს, რათა ბავშვების დასაჯდომი ადგილი უხეში არ ყოფილიყო, და ასე ჩავედით სომხეთში“, – იხსენებს 94 წლის ბებია.
მათი ჩამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანლების დაცლილ სოფელს – ვერინ ქიორფლუს – ჩარდახლუ უწოდეს, წლების შემდეგ კი ზორაკანი დაარქვეს. თუმცა ახალი სახელი საბუთებსა და გზისპირა ტრაფარეტზე დარჩა. სოფელშიც და სოფლის გარეთ უმეტესობა მას ჩარდახლუს უწოდებს.