საქართველოში თურქეთის საელჩო გამორიცხავს იმას, რომ თურქეთმა საზღვარი გახსნა სომხური სატვირთოებისთვის. “ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”, – აცხადებს საქართველოში თურქეთის საელჩოს პრესის წარმომადგენელი ალიქ მედიასთან საუბრის დროს.
ბოლო პერიოდში თურქეთის მედია საშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქეთმა სომხური სატვირთოებისთვის გახსნა საზღვარი.
უფრო კონკრეტულად, თურქეთში მოქმედი “სომხეთის უსაფუძვლო განცხადებების წიააღმდეგ ბრძოლის კავშირის” უფროსის გიოქსელ გიულბეინის განცხადებით, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანკარამ სომხეთიდან წელიწადში 400 სომხურ სატვირთოს ტრაპზონის პორტიდან ტვირთის გადატანის უფლება მისცა. აღნიშნულია ასევე, რომ ეს ნებართვა საქართველოში თურქეთის საელჩომ გასცა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელს თურქეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა სომხეთისდამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული რჩება. დაძაბულობის საბაბია სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არ ცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.