საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანის მოწვევით, საქართველოში აკრედიტებული 20 ქვეყნის ელჩი გაცნობის მიზნით სომხეთში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო იტყობინება.
15 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა ელჩებს უმასპინძლა. შეხვედრის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
სომხეთში მყოფ ელჩებს ასევე უმასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა. მინისტრმა მნაცაკანიანმა ელჩებს გააცნო სომხეთში განვითარებული მოვლენები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მთავრობის პროგრამები.
ელჩები წმინდა ეჩმიაწინს ეწვივნენ და სომხეთის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ. მათ ასევე სომხების გენოციდის მემორიალი მოინახულეს.