ვლადიმირ სარგსიანი სოფელ ახკერპში დაიბადა, სადაც 62 წელი გაატარა. მშობლიური სოფლის დატოვებაზე არც უფიქრია. მხოლოდ სამი წლით წავიდა ერევანში, ისიც ერთხელ და ისიც სასწავლებლად. დღეს, ძირძველი ახკერპელი ტკივილით ამბობს, რომ მშობლიური სოფელი, საქართველოს “ჟემჩუჟინა” ყველამ დაივიწყა.
“იმ მხარეს (გულისხმობს სომხურ მხარეს) საზღვრის გადაკვეთის წერტილი არის, მაგრამ გზა არ მიდის, ამ მხარესაც იგივეა. ორსული სანამ მარნეულში ჩაჰყავთ, მაქანაში აჩენს ბავშვს. სხვა დიდი პრობლემა არ არის, არაუშავს, ვცხოვრობთ”.
ვლადიმირ სარგსიანი დარწმუნებულია, რომ თუ გზები აღდგება, მუნიციპალიტეტთან და დედაქალაქთან ადვილი იქნება დაკავშირება, ადამიანებს საშუალება მიეცემათ აღებული მოსავალი უპრობლემოდ გაყიდონ ან ჩააბარონ, ცხოვრებაც გაადვილდება. ამ ყველაფერს საწარმოს აშენებაც არ აწყენდა, ამბობს, რომ სოფლის ახალგაზრდებს სამუშაო ექნებოდათ.
“საშინელება”- სომხეთის საზღვარზე მდებარე სოფლის მდგომარეობას აღწერს ახკერპის საავადმყოფოს ექთანი. ლაურა პეტროსიანმა, საავადმყოფოში 25 წელი გაატარა და იხსენებს საბჭოთა კავშირის წლებს, როდესაც ახქერფი სიცოცხლით სავსე იყო და სოფელს ელემენტარული ყოფითი პრობლემები არ ჰქონდა.
“ახლა არც სამუშაო ადგილი გვაქვს, არც გზა, ახალგაზრდებიც, ვინც შეძლებს, ტოვებს სოფელს და მიდის, ვინც რჩება – არ იცის რა ქნას. ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანები უსაქმოდ არიან. ჩემი შვილიშვილი ორ წელიწადში ამთავრებს სკოლას, არ ვიცით – სომხეთი თუ საქართველო. თუ გარესამყაროსთან აღდგება ჩვენი კავშირი, ჩვენთან ბევრი რამ შეიცვლება”.
წინასასკოლო განათლება სოფლის ერთ-ერთი ოცნებაა. დასაქმების იმედი დაკარგა საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომელმა კარინე რევაზიანმა, როდესაც, დაახლოებით, ოცი წლის წინ დაიხურა სოფლის საბავშვო ბაღი. დღეს, ის სოფლის მომავალს ბუნდოვნად ხედავს: “პენსიას ჯერ არ ვიღებ, სამუშაოც არა მაქვს, რითი ვიცხოვრო?! ჯანმრთელი ადამიანები ვართ, მუშაობა გვინდა, შექმნა და სიამოვნება. ისედაც მუნიციპალიტეტიდან მოწყვეტილი ვართ”.
ამ კითხვებზე სოფლის გამგებელისგან პასუხების იმედით, გამგეობას მივმართეთ. თბილისელი გამგებელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ “თვითნებური” გრაფიკით ჩამოდის სოფელში. ალიქ მედიისთვის დღე იღბლიანი არ გამოდგა, გრაფიკის მიხედვით გამგებელს ჩამოსვლა სხვა დღეებში უწევდა. თბილისიდან ტელეფონით გვირჩია ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტისთვის მიგვემართა.
პასუხგაუცემელი დარჩა უამრავი კითხვა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის შემდეგ დღემდე ასფალტირების მოლოდინში ამ გზებს რა მომავალი აქვს, ან ახალ ბიუჯეტში შედის თუ არა საბავშვო ბაღის მშენებლობა, ან საინვესტიციო პროექტების იმედი შეიძლება ჰქონდეს თუ არა სოფელ ახკერპის და სხვა მრავალი.
ჩვენ ასევე ველოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ნებართვას, ახკერპის სკოლის შიგნით გადაღების თაობაზე. ვისაუბრებთ იმ უამრავ პრობლემაზე, რაც სკოლას აქვს.
ავტორები: ანნა პეჩენევსკაია, აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021