საქართველოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა – ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე

ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ზრდის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას და აგრეთვე უზრუნველყოფს ამ ფასდაუდებელი ნაშრომების აღდგენასა და შენარჩუნებას.

სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი — ქართული ენის ციფრული ლაბორატორია მიზნად ისახავს ყველა მნიშვნელოვანი ქართულენოვანი პუბლიკაციის გაციფრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდის ბაზაზე ციფრული საცავის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 1629 წლიდან დღემდე ქართულად დაახლოებით 250 000 ბეჭდური ერთეულია გამოცემული. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად ყურადღება გამახვილებულია სამეცნიერო პერიოდიკასა და მონოგრაფიებზე, რომელთა შორისაც ზოგიერთი ნამუშევარი არასოდეს ყოფილა გაციფრულებული, ზოგს კი უხარისხო სკანირება ჰქონდა. თუმცა, როგორც პროექტის გუნდის წევრები გვამცნობენ, მკაცრი დიგიტალიზაციის სტანდარტების დაცვით მოხდა მათი ხელახლა სკანირება და დაემატა ძიების ფუნქცია: „ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენ მიერ შემუშავებული გაციფრულების სტანდარტით, რაც გულისხმობს ძველი, გაყვითლებული, დაზიანებული წიგნებისგან მკაფიო, უხარვეზო და ძებნის ფუნქციით აღჭურვილი დოკუმენტების შექმნას, რომელიც მოცულობისა და ხარისხის თვალსაზრისით ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს“.

ციფრულ ბიბლიოთეკაში წიგნები კლასიფიცირდება ორ კატეგორიად: საავტორო უფლებით დაცული წიგნები და წიგნები, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება. სწორედ ამიტომ, წიგნებზე, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებით, ღია წვდომა შეზღუდულია და ისინი ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ავტორიზებული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. იმ წიგნებზე კი, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ყველა მსურველს ექნება წვდომა. აღსანიშნავია, რომ წიგნების გადმოწერა არცერთი ფონდიდან არაა შესაძლებელი და მსურველები სარგებლობას მხოლოდ ბიბლიოთეკის გვერდზე შეძლებენ.

და ბოლოს, პროექტის გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის ბუკინისტებსა და ბიბლიოთეკებთან, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ ციფრული ბიბლიოთეკის გამდიდრებას მათ საკუთრებაში არსებული წიგნებით. ეს თანამშრომლობა კი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს პროექტის თავდაპირველ მიზანს — წიგნების შენარჩუნებასა და საქართველოს კულტურულ და ლიტერატურულ მემკვიდრეობის ფართო მასებისთვის გაზიარებას.