საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა.
მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის.
„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პირადად თქვენ და მეგობარ სომეხ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის დღე. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და სომხეთმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თითქმის ერთდროულად ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელთა მემკვიდრეობის განვითარებასა და განმტკიცებასაც წარმატებით ვაგრძელებთ.
მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულწრფელი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი დინამიკური ურთიერთობების განვითარებას და ასევე, დადებითად იმოქმედებს რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაზე.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას ქვეყნის რეფორმების, განვითარებისა და წინსვლის საქმეში“,- ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021