საქართველოს ომბუდსმენი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც სომხეთის ომბუდსმენთან არმენ ტატოიანთან, სომხეთის იუსტიციის მინისტრთან არტაკ ზეინიანთან და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის მხარის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

ომბუდსმენის პრესამსახურის ცნობით, მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს საქართველოში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა, სომხეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ციხეებში.

საქართველოს სახალხო დამცველმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა სომხეთის ომბუდსმენს მოწვევისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო–სომხეთის ისტორიულ კავშირებს და უფლებადაცვით ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნინო ლომჯარიამ ასევე მიმოიხილა საერთაშორისო მანდატები, რომელზეც საქართველოს ოფისი ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი მოადგილეებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებებს მოინახულებს, ასევე შეხვდება სომხეთში ქართულ დიასპორას.

 

Leave a Reply