საქართველო თურქეთიდან წითელას 150 000 ვაქცინას დამატებით შემოიტანს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენო წითელას გავრცელების ბოლო დინამიკას აჯამებს. მისი თქმით, შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა შემთხვევების ზრდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შენელდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომ ქართულმა მხარე ახალ პარტიას, 150 ათას ვაქცინას თურქეთიდან შემოიტანს.

“შეთანხმება უკვე შედგა და უკვე გზაშია ვაქცინები. საჭიროება განაპირობა იმან, რომ ჩვენ არაგეგმიური ვაქცინაციისთვის – ეპიდ აფეთქებისთვის გვქონდა 150 ათასი ვაქცინა. დღეის მდგომარეობით 65 ათასი აიცრა, მაგრამ აცრებზე მაღალი მომართვიანობის გამო გადავწყვიტეთ, რომ თავი დაგვეზღვია შემდეგი შესყიდული პარტიის ჩამოსვლამდე… მალე ეს ვაქცინები საქართველოში იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა თუ რატომ ითხოვენ სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვებისგან აცრებზე ცნობას. დავით სერგეენკოს თქმით, ამის მიზანი მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება არ არის და მხოლოდ წითელას და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების დროულად გატარებაა.

აღვნიშნოთ ასევე, რომ 2 თებერვალს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საქართველოს წითელას ვაქცინის 30.000 დოზა გადაეცა.