დღეს 3 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, “29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ” შედეგად, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დავით დონდუამ.
დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ფაქტს Twitter-ზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა.
„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მიერ მანიპულირებული ასადის რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.
Recognition of independence of historic regions of Georgia, Abkhazia and Tskhinvali (South Osetia), by Russian manipulated Assad regime in Syria, is another blatant violation of Int Law by Assad and should be condemned by the int community
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) May 29, 2018
ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021