Latest posts by Aliq Media (see all)
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სწავლება „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ზამთრის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები მონაწილეობენ.
ზამთრის წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსში მონაწილე სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე, მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკას დახვეწენ. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ.
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.