არმენ სარგსიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება წერილით მიულოცა. სარგსიანმა ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა საქართველოს მეგობრული ხალხის სასარგებლოდ.
“იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების განვითარება და გამდიდრება გაგრძელდება ყველა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის თანამშრომლობის დინამიკის გაძლიერებას”, – აღნიშნა არმენ სარგსიანმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%. რაც შეეხება მეორე ტურს, სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის 60%-მდე აიღო და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდა.