Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისს არაერთი ძველი, თბილისური სახლი შემორჩა, რომელთა სიტყვებით გადმოცემა, ხშირად რთული და შეუძლებელიც კი არის. ერთ-ერთი ასეთი სახლი ავლაბარშია, რომელიც გარი დავთიანის სახელს ატარებს და სადაც დღეს მისი ოჯახი ცხოვრობს. თუმცა, ოსტატის ოჯახი მხოლოდ მისი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები არ არიან. სტუმრებს სახლში „გრიშა“, „ჰაგო“, „თბილისელი მედუდუკეები“ და კიდევ უამრავი ბინადარი ხვდება, რომლებიც საკუთარ ისტორიას და ცხოვრებას მუსიკის საშუალებით ყვებიან.
თითოეული თოჯინა, ერთი მუსიკალური ისტრუმენტია. ყველა ერთად კი, მთელი ორკესტრი. ყველა თოჯინაში კი, როგორც გარი დავთიანის მეუღლე, ჟანა დავთიანი ამბობს, – „გარის სახეა. თვითონაც ამბობდა, ყველა თოჯინა – ეს მე ვარ“.
გარი დავთიანი განათლებით ინჟინერი და მოქანდაკე იყო. მაგრამ, მისი ცხოვრება მხოლოდ პროფესიით არ შემოიფარგლებოდა. ბევრი რამით იყო გატაცებული: კერამიკა, მინა, ჭედურობა. მოგვიანებით კი თოჯინებიც გაჩნდნენ. „რატომ გაჩნდნენ თოჯინები და რატომ გადაწყვიტა მან ამ კუთხით თავის გამოვლინება, არ ვიცი.
საერთოდ, როდესაც ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება მისი სამყარო და ისტორია. ცხოვრებაში კი ადამიანმა, აუცილებლად უნდა შესძლოს საკუთარი ისტორიის, თავის რეალიზაცია. თუ, ადამიანი საკუთარ ისტორიას ვერ პოულობს, ის იკარგება. ასე მოხდა, რომ იმ სამყაროში, სადაც გარი დაიბადა და, სამყარომ რომელიც მასთან ერთად გაჩნდა, ერთმანეთი იპოვეს. რა თქმა უნდა, რეალიზაცია თანდათანობით მოხდა“, – ამბობს ჟანა დავთიანი.
თოჯინების ისტორია 90-იან წლებში იწყება. ერთ დილას გაიღვიძა და მეუღლეს უთხრა, – ჟანა, ქვეყანაში რთული და მძიმე პერიოდია, დროა დღესასწაული მოვაწყოთ. ახლობლებს და მეგობრებს უკვირდათ და ეუბნებოდნენ, – გარი გიჟი ხარ, ქვეყანაში ომია, შენ კი თოჯინებს აკეთებ. ის კი პასუხობდა, – ამიტომ, დროა დღესასწაული მოვაწყოთ.
„ეს სამყარო, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში დაიბადა. ამიტომ, მე ვთვლი, რომ თოჯინების ცხოვრების დასაწყისი, მხოლოდ მათი ისტორია არ არის. ეს მთელი ქვეყნის, იმ სამყაროს ისტორიაა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რასაც თქვენ ხედავთ, ეს მთელი სამყაროა და, არა მხოლოდ თოჯინები. ეს არის გარის სამყარო სიკეთის, სინათლისა და სიყვარულის“.
ამ სახლში, როგორც ადამიანებს ისე, ყველა თოჯინას თავისი ისტორია, ხასიათი და დამოკიდებულება აქვს. ჟანა დავთიანი ამბობს, რომ „თუ არ იცი, თოჯინის ხასიათი და დანიშნულება, არ შეიძლება მისი გაკეთება დაიწყო, მაინც არაფერი გამოგივა. თოჯინა რთული მექანიზამია, რომელიც ზუსტ სტრუქტურას და სიყვარულს მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ისინი მარიონეტები არიან, ცოცხალი, არაჩვეულებრივი, საინტერესო არსებები არიან“.
პირველი თოჯინა „გრიშა“, 1976 წელს შეიქმნა. როგორც ჟანა დავთიანი ამბობს „ის ძალიან კეთილი, მორცხვი და სიცოცხლით სავსეა. უყვარს ქალები“. „გრიშა“ ერთადერთი თოჯინაა, რომელიც ელენე ახვლედიანის აღმართზე მდებარე სახელოსნოში შეიქმნა. სახელოსნოს გაძარცვის შემდეგ, გარი დავთიანი ავლაბარში, პატარა სარდაფში გადავიდა, სადაც პირველი სპექტაკლი „ქაჩ ნაზარი“ (მამაცი ნაზარი) დაიბადა და დღეს თოჯინებთან ერთად, თეატრიც არსებობს. „ეს არ არის მხოლოდ სახლი, სადაც თოჯინები ცხოვრობენ. ეს არის მუსიკალური წარმოდგენების თეატრი, რომელზეც თვითონ თოჯინები ყვებიან. ისინი, ალბათ უფრო სიყვარულზე ლაპარაკობენ, რაც ჩვენ არასდროს არ გვყოფნის“.
ავლაბრის სახელოსნოს ბევრი ბედნიერი და ღიმილიანი ადამიანის სახე ახსოვს. ჟანა დავთიანი იხსენებს: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, იმ პატარა სარდაფში ყოველდღე 20-30 ადამიანი მოდიოდა და სახელოსნოდან მხიარულების ხმა გადიოდა. ვფიქრობ, მიზანი რისთვისაც ეს თოჯინები შეიქმნა, გამართლდა. ისინი დღემდე ასრულებენ თავიაანთ ფუნქციას და უკვე წლების განმავლობაში, ყოველდღე ჩუქნიან ადამიანებს სიხარულს და სიყვარულს. ამ თოჯინებში, ბედნიერების მაგიაა და ეს არის, მთელი ჩემი ცხოვრებაც“.
სახლში თოჯინების გარდა, გარი დავთიანის მიერ შესრულებული არაერთი კომპოზიციაა, როგორც საქართველოს ისე, სომხეთის ისტორიის დღეებიდან: „ამ კომპოზიციაზე გარის ხელებია და ის 9 აპრილს მიუძღვნა. უნდოდა, საკუთარი ხელებით შეეჩერებინა აგრესია; ეს კვერცხი ნიშნავს, რომ რაღაც ახალი უნდა დაიბადოს; ეს კომპოზიცია სომეხთა გენოციდს მიუძღვნა;
აქვეა საჩუქრები თითქმის მთელი მსოფლიოდან: არგენტინა, ისრაელი, ვენესუელა, მექსიკა და ა.შ. ჩვენ მუდმივად ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს. აქ მოდიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, სხედან ერთ მაგიდასთან, სვამენ ჩაის, საუბრობენ და მიდიან, სულ სხვანაირები. ამ სახლში დრო, ყველას ერთნაირად ცვლის.
მე კი ასე, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მერწმუნეთ მთავარი არ არის, მე რას ვიტყვი. მთავარია, სტუმარი ბედნიერი წავიდეს. გარის სურვილიც ხომ ეს იყო, როცა ამ სამყაროს შექმნა დაიწყო – ეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ ადამიანს აქვს დიდი შესაძლებლობა – არჩევანი. რასაც ირჩევს, იმას იღებს“.
ჟანა დავთიანმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მის საავტორო პროექტზე მუშაობა გააგრძელა. ის სტუმრებისთვის საჩუქრად, საქართველოს სხვადსხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სუვენირებს აკეთებს.
მზევინარ ხუციშვილი