სახელმწიფო ენა – ინტეგრაციის ერთადერთი საშუალება

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ჯავახეთის ახალგაზრდობის ძირითად პრობლემად სახელმწიფო ენის არცოდნას თვლის, რომელიც ხელს უშლის აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

უკვე ერთი თვეა, რაც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის საკითხების წარმომადგენელი რეგიონის ახალგაზრდებს ხვდება.

„ძალიან საინტერესეო შეხვედრა იყო, ისინი რამდენიმე ინიციატივითაც წარსდგნენ. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ერთად და მომავალი კვირების განმავლობაში ეს ინიციატივები რეალობად ვაქციოთ. პირველი, ყველაზე დიდი პრობლემა, სახელმწიფო ენის არცოდნაა და ვფიქრობთ თუ როგორ ვიმუშაოთ, რომ ქართული ენის გამოყენების დონე ავამაღლოთ. ეთნიკურ უმცირესობებს დავეხმაროთ, რომ საინტეგრაციო პროცესი უფრო აქტიური გავხადოთ“ – აღნიშნა გიორგი ტუმასიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ მისი პირადი მაგალითი დღეს იმას მოწმობს, რომ მიზანდასახულ და განათლებულ ახალგაზრდას შეუძლია ყველა დაბრკოლების გადალახვით მიაღწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამდე.

„ჩემი პირადი მაგალითით, ვცდილობ ჩვენი ახალგაზრდები დავარწმუნო, რომ თუ ისინი აქტიურად იმუშავებენ, ისწავლიან ქართულ ენას სკოლაში და უნივერსიტეტში, მათ საქართველოში შეეძლებათ ძალიან დიდი წარმატებების მიღწევა. საქართველო დღეს ძალიან დემოკრატიული ქვეყანაა, და აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს, ქართველის, სომხის, აფხაზის, ოსის და სხვა ერების ახალგაზდრდობის პრობლემას გაეროში სომეხი წარმოადგენს. ახალგაზრდობამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც დღეს ქვეყანა საქართველო იძლევა“ -ამობობს ტუმასიანი.

მისი თქმით, ახალქალაქის ახალგაზრდობის პრობლემები, განსხვავდება თბილისელების პრობლემებისგან, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო.

„რეგიონებში ეთნიკური უმცირესობები არ ფლობენ ქართულ ენას და არ შეუძლიათ მონაწილეობა იმ პროექტებში, რომელიც დედაქალაქში ტარდება. ხოლო საერთო პრობლემა ის არის, რომ რეგიონებში ნაკლებია აქტივობების რაოდენობა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მეტი აქტივობა იყოს ადგილებზე“ – აღნიშნა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის საკითხების წარმომადგენელმა გიორგი თუმასიანმა.

jnews.ge

Leave a Reply